იმასთან ერთად, რომ ცნობილი რეჟისორების ნამუშევრებით ტკბობა გვიყვარს, ასევე საინტერესოა, თუ როგორი ფილმების ყურება მოსწონთ თავად მათ, ამ ჩვენთვის საყვარელ ხელოვანებს.

კვენტინ ტარანტინოს შემოქმედების მოყვარულებმა მეტ-ნაკლებად იციან მისი გემოვნების შესახებ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მან გასული ათწლეულის (2010-2019) თავისი ფავორიტი ფილმი დაასახელა და შედეგი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა: The Social Network.

"გასული ათწლეულის საუკეთესო ფილმი უდაოდ სოციალური ქსელია. ის ნომერ პირველია, რადგან უბრალოდ საუკეთესოა და ნებისმიერი კონკურსის გამარჯვებულია", — განაცხადა ტარანტინომ ინტერვიუში.

დევიდ ფინჩერის სოციალური ქსელი 2010 წელს გამოვიდა და გიგანტი კომპანიის, ფეისბუქის დაარსების ისტორიაზე მოგვითხრობს. ფილმში ისეთი ცნობილი მსახიობები თამაშობენ, როგორებიც არიან ჯესი აიზენბერგი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ენდრიუ გარფილდი და არმი ჰამერი.

ამ ბიოგრაფიულმა დრამამ კინოგაქირავებაში მიღწეულ წარმატებასთან ერთად ($224.9 მილიონიანი შემოსავლებით) კრიტიკოსების დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა და ოსკარების 83-ე დაჯილდოებაზე რვა ნომინაციაში იყო წარდგენილი.

2018 წელს ფილმის სცენარისტმა, აარონ სორკინმა განაცხადა, რომ ახალ სცენარზე ფიქრობდა და მაყურებელს, შესაძლოა, მალე ფილმის სიქველიც ეხილა.

ფოტო: Sony Pictures Releasing

აღსანიშნავია, რომ Django Unchained-სა და Pulp Fiction-ის რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ 2019 წლის მიწურულს გასული ათწლეულის შეფასებისას ასევე აღნიშნა, რომ მისი ბოლო წლების ნომერი ორი ფავორიტი ფილმი კრისტოფერ ნოლანის Dunkirk-ია.