მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი ცხოველებზე სხვადასხვა გზით მოქმედებს. ზოგს მეტი მოვლა სჭირდება, ზოგიც კი, პირიქით, თავად ეხმარება ადამიანებს სიტუაციასთან გამკლავებაში. ქუჩიდან მათი აყვანის შემთხვევები გახშირდა. ხორცის პროდუქტების მწარმოებელ ქარხანათა დახურვის შედეგად კი სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ევთანაზიის საკითხი სულ უფრო მწვავედ დგება. გარეულმა ცხოველებმა, რომლებიც ადამიანების დასახლებების მიმდებარედ ბინადრობენ, ახლადდაცარიელებული სივრცეების ათვისება დაიწყეს. მაწანწალა და ქუჩის ცხოველები კი შიმშილობენ, რადგან ადამიანები, რომლებიც, ჩვეულებრივ, გარეთ ჭამისას ნარჩენებს ტოვებდნენ, ახლა სახლებში არიან გამოკეტილნი.

ქვემოთ იმ ცხოველების მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი სურათების ხილვა შეგიძლიათ, რომლებსაც უცბად შეცვლილ სამყაროსთან ადაპტირება მოუწიათ.

ფოტო: Visionhaus / Getty Images

1. იმ ბატკანთაგან ერთ-ერთი, რომლებსაც ოქსფორდშირში მცხოვრებმა მეხუთე თაობის მეცხვარეებმა, უილ და ტომ ლაველებმა, მატყლი ცისარტყელას ფერებში შეუღებეს, რათა ამ გზით გამოეხატათ მხარდაჭერა გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა სფეროების მუშაკებისადმი (ინგლისი, 2020 წლის 26 აპრილი).

ფოტო: Al Bello / Getty Images

2. ლისა ფასილა ბავშვებთან, ნინასა და ალექსთან ერთად, შეკვეთილ ლუდს იღებს კარენ და მარკ ჰიუვეტერსებისა და მათი ორი ძაღლის, ბადისა და ბარლისგან (ჰანტინგტონ ვილიჯი, აშშ, 2020 წლის 3 მაისი). ჰიუვეტერსებმა, რომლებიც Six Harbors-ის ლუდსახარშს ფლობენ, თავიანთი ორი ოქროსფერი რეტრივერი სპეციალურად გაწვრთნეს იმისთვის, რათა ძაღლები მათ პანდემიის დროს პროდუქტის მყიდველამდე მიტანაში დახმარებოდნენ. ძაღლებს კისრის გარშემო ოთხი ცარიელი ლუდის ქილა აქვთ მიმაგრებული და მომხმარებლებს სახლის ზღურბლთან ეგებებიან მანამ, სანამ მათ უკან მყოფი მარკი და კარენი ლუდს მოიტანენ.

ფოტო: Nariman El-Mofty / AP

3. აშრაფ ელ-ჰელვი, ლომის მომთვინიერებელი, მონაწილეობას იღებს კორონავირუსის შესაჩერებლად ორგანიზებულ შოუში, "დარჩი სახლში, დარჩი უსაფრთხოდ", თავის 5 წლის ძუ აფრიკულ ლომ ჯუმანასა და თავის დასთან, ბუშრა ელ-ჰელვთან ერთად (კაირო, ეგვიპტე). პანდემიის გამო ეგვიპტის ეროვნული ცირკი დაიხურა, ამიტომ ელ-ჰელვი თავის დიდ კატებს თავისსავე ბინაში აკრობატული ნომრების შესრულებისას ვიდეოებს უღებს და სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ფოტო: Peter Cziborra / Reuters

4. ცხვრები ძოვენ ბალახს ავინგტონ პარკის გოლფის კორტზე. ცხვრებს აქ კორტის საფარის შესანარჩუნებალდ მას შემდეგ იყენებენ, რაც თანამშრომლები კორონავირუსის ეპიდემიის გამო სამსახურიდან დროებით დაითხოვეს (ავინგტონი, ინგლისი, 2020 წლის 1 მაისი).

ფოტო: Henry Romero / Reuters

5. მერი კარმენ არეგუინს ხელში უჭირავს თავისი ახლადაყვანილი ძაღლი სან-დიეგოს ცხოველთა თავშესაფრის ვეტერინარულ ცენტრში, რომელიც საზოგადეობაში იმ იდეის გავრცელებას ცდილობს, რომ ცხოველების აყვანა კარანტინს უფრო ასატანს ხდის (მეხიკოს სამხრეთ გარეუბანი, მექსიკა, 2020 წლის 24 აპრილი).

ფოტო: Justin Sullivan / Getty Images

6. ტკბილი ფერმის თანადამაარსებელი, ნეით სალპიტერი, აიფონით ზუმში ესაუბრება Goat 2 Meeting-ის წევრებს (კალიფორნია, აშშ, 2020 წლის 1 მაისი). ტკბილი ფერმა სან-ფრანცისკოს სამხრეთით 45 წუთის სავალზე არსებული ცხოველთა თავშესაფარია, რომელიც ადამიანებს ზუმის ზარისას ცხოველების ჩართვის სერვისს სთავაზობს. ფერმის მიზანია, ხალხს ზუმის შეხვედრებისას გახალისების საშუალება მისცეს და, ამასთან, ინდუსტრიული მეურნეობის ნეგატიური გავლენის შესახებაც გაავრცელონ ინფორმაცია. ვირტულური შეხვედრისას თქვენ ნაცვლად ცხოველის გამოჩენის ფასი $65-დან იწყება.

ფოტო: Loic Venance / AFP / Getty Images

7. მომვლელი, რომელსაც დამცავი ხელთათმანები და პირბადე უკეთია, კვებავს სპილოს სენ-პერ-ან-რეს ზოოლოგიურ პარკში (ნანტის გარეუბანი, საფრანგეთი, 2020 წლის 6 მაისი).

ფოტო: Ronny Hartmann / AFP / Getty Images

8. დომინიკ ბიოზელი, გერმანელი პროფესიონალი მოკრივე, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში 2019 წლის ნოემბრიდან ფლობს IBO-სა და WBA-ს ტიტულებს, საკუთარ სახლში თავის ბულდოგის ლეკვებთან ერთად ვარჯიშობს (ფრეიბურგი, გერმანია, 2020 წლის 28 აპრილი).

ფოტო: Angela Weiss / AFP / Getty Images

9. ჯანდაცვის მუშაკები ეფერებიან ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცხენს მაშინ, როცა NYU Langone-ის საავადმყოფოს გარეთ მყოფი ხალხი მადლიერების ნიშნად ტაშს უკრავს სამედიცინო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა სფეროების მუშაკებს (ნიუ-იორკი, აშშ, 2020 წლის 23 აპრილი).

ფოტო: Oded Balilty / AP

10. 2020 წლის 9 აპრილს გადაღებულ ამ ფოტოზე ტურები თელ-ავივის ცენტრში გაშენებულ იარკონ პარკში ყმუიან. ისრაელში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის შედეგად პარკი თითქმის დაცარიელდა, ფრთხილი ცხოველები სამალავებიდან გამოვიდნენ და იმ ადგილებამდე მიაღწიეს, რომლებსაც აქამდე საჭმლის ძებნის დროს იშვიათად სტუმრობდნენ.

ფოტო: Leon Neal / Getty Images

11. კაცი ფოტოს უღებს დაგნამის პარკის ირმებს, რომლებიც ჰაროლდ ჰილში მცხოვრები ადამიანების სახლების გარეთ ისვენებენ და ბალახს ძოვენ (ლონდონი, ინგლისი, 2020 წლის 2 აპრილი). პარკის სიახლოვეს ნახევრად-ურბანული ირმის ხილვა ჩვეული ამბავია, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული კარანტინის გამო გზები უფრო მშვიდი გახდა და ირმებმაც მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ადგილების ათვისება დაიწყეს.

ფოტო: Scott Olson / Getty Images

12. მეხუთე თაობის საოჯახო ფერმაში, Old Elm-ში გაზრდილი ღორები (ილინოისი, აშშ, 2020 წლის 5 მაისი). ამერიკის რამდენიმე მსხვილ ხორცის გადამამუშავებელ ობიექტში COVID-19-ის შემთხვევათა დაფიქსირებამ ფერმებში გასაყიდად მზა ღორების ნამატი, სასურსათო მაღაზიებში კი ღორის პროდუქციის დეფიციტი გამოიწვია. ზოგიერთი მაღაზია იძულებულია, შეზღუდოს ამ პროდუქტთა გაყიდვა, რის შედეგადაც ზოგი ფერმერი ცხოველების ნაწილის ევთანაზიის საშიშროების წინაშე დგას.

ფოტო: Chris Delmas / AFP / Getty Images

13. ძაღლს, სახელად ზიგის, პატრონმა სახეზე პირბადე მოარგო (ლოს-ანჯელესი, აშშ, 2020 წლის 5 აპრილი).

ფოტო: Arun Sankar / AFP / Getty Images

14. ინდოეთის ლურჯი ჯვრის თანამშრომელი კვებავს მაწანწალა ძაღლებს მარინას სანაპიროზე ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული კარანტინის დროს (ჩენაი, ინდოეთი, 2020 წლის 22 აპრილი). ინდოეთის ქუჩებში დაახლოებით 30 მილიონი მაწანწალა ძაღლი და 5 მილიონი მსხვილფეხა ცხოველი დადის. კარანტინმა მრავალი კომერციული და სამრეწველო ტერიტორია ფაქტობრივად მოჩვენებათა ქალაქებად გადააქცია და ცხოველებსაც ადამიანებისგან დამოუკიდებლად უწევთ თავის გატანა.

ფოტო: Cristina Quicler / AFP / Getty Images

15. ხარი, რომელიც ესპანელ მომშენებელს, ხუან პედრო დომეკს ეკუთვნის, ძოვს ბალახს ლო ალვაროს ფერმაში (სევილია, ესპანეთი, 2020 წლის 28 აპრილი). კარანტინის გამო ესპანეთში ათასობით ისეთი ღონისძიება გაუქმდა, რომლებშიც ხარების მონაწილეობა იგეგმებოდა. მომშენებლები იძულებულები არიან, თავიანთი ხარები სასაკლაოზე გააგზავნონ, რათა მათ გაზრდაში დახარჯული თანხის ნაწილი მაინც ამოიღონ. თუმცა მიღებული თანხა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმ ოდენობას, რომელსაც ისინი ხარების ღონისძიებისთვის მიყიდვის შედეგად მიიღებდნენ.

ფოტო: Ed Wray / Getty Images

16. ინდონეზიელი ეტლის მძღოლი ზის სამაგისტრალო ხიდის ქვეშ, სადაც მისი ცხენი ბინადრობს (ჯაკარტა, ინდონეზია, 2020 წლის 6 მაისი). აქ ტრადიციული ცხენშებმული ეტლის მძღოლს დელმანი ეწოდება. ეტლი ქალაქის გარშემო ტურისტულ სატრანსპორტო საშუალებად გამოიყენება. დელმანებმა პანდემიის გამო თვეზე მეტია, სამსახური დაკარგეს და ოჯახისა და ცხენების გამოკვება უჭირთ. ცხენები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მარცვლეულსა და კომერციულ საკვებს იღებენ, ახლა მხოლოდ იმ ბალახს ჭამენ, რომელსაც მძღოლები მიტოვებული ადგილებიდან ჭრიან.

ფოტო: Adrees Latif / Reuters

17. ერთი წლის ეილინ ტრავერა და მისი ძაღლი, ჩარლი, მანქანის ფანჯრიდან იყურებიან. ტრავერები პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით დაზარალებულ სხვა ასობით მაცხოვრებელთან ერთად სან-ანტონიოს საკვების ბანკიდან საჭმლის მისაღებ რიგში დგანან (სან-ანტონიო, აშშ, 2020 წლის 17 აპრილი).

ფოტო: Niranjan Shrestha / AP

18. მაიმუნები ელოდებიან საკვებს პაშუპატინათის ტაძარში (კატმანდუ, ნეპალი, 2020 წლის 6 აპრილი). მცველები, თანამშრომლები და მოხალისეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კარანტინის დროს ტაძრის ტერიტორიაზე მყოფმა ცხოველებმა და ფრინველებმა არ იშიმშილონ მაშინ, როცა ტაძრების მონახულება შეჩერებულია და ტურისტები ცხოველებს ვეღარ კვებავენ.

ფოტო: Jean-Philippe Ksiazek / AFP / Getty Images

19. კატა უყურებს თავის პატრონს, რომელიც თვითიზოლაციისას სახლში გატარებულ დღეებს აღრიცხავს (ლიონის სიახლოვე, საფრანგეთი, 2020 წლის 5 მაისი).