ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირება მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობით უნდა შესრულდეს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ნორმალურ თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლაზე საუბარი რთულია:

"ნებისმიერი ის საკითხი, რომელიც ეხება, ამ ტიპის ინსპექტირებას, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და არა პირდაპირი ჩარევის განხორციელებით უნდა იყოს შესრულებული".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად რუს სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შენობის ყველა კორპუსზე, ასევე დოკუმენტებზე.

ამასთან, მათი მოთხოვნაა, რომ ვიზიტი შედგეს ორმხრივ საფუძველზე და სხვა ქვეყნების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ელოდება ოფიციალურ პასუხს შესაძლო ვიზიტის ნოტაზე, რომელიც საქართველოში 2019 წლის ივნისში გამოიგზავნა.

ამასთან, რუსეთი პროვოკაციულს უწოდებს საქართველოს განცხადებებს რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით და ამის მიზეზად მორიგ დეზინფორმაციას ასახელებს: "რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ ცენტრის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოების სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობისგან".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვრცელი განცხადება 26 მაისსაც გაავრცელა. უწყებამ ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტების დაშვება მოითხოვა და ლაბორატორიის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია ფაქტად წარმოაჩინა, თითქოსდა ლუგარში, რომელიც ამერიკული მხარის დახმარებით აშენდა, ბიოიარაღი მზადდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თქვა, რომ ქვეყანა ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კონვენციის მონაწილეა, რომლის ფარგლებშიც შექმნილია ეფექტური მექანიზმი ცენტრის ტრანსპარანტულობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამ სისტემის ფარგლებში 2018 წელს მოწვეული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, რომლებმაც უარი თქვეს მონაწილეობაზე. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მზად არიან კიდევ ერთხელ ჩაატაროს წვრთნები საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და რუსეთის წარმომადგენელს შეუძლია დაესწროს, თუმცა ორმხივად, კონკრეტულად რუსეთისთვის კი მსგავსს არ ჩაატარებენ და ამის ვალდებულებაც არ აქვთ.

რუსეთს ლუგარის ლაბორატორია პროპაგანდისთვის არაერთხელ გამოუყენებია. ლაბორატორიის გახსნის დღიდან, ისინი ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. რუსეთის ბრალდებები არაერთხელ უარყო და სიცრუე უწოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და აშშ-მ.