ელექტრონული სპორტი, რომელსაც მშობლები და ფიზიკური სპორტის მიმდევრები აგდებით ეკიდებოდნენ, ახლა უპრეცედენტოდ პოპულარულია. გარდა იმისა, რომ კომპიუტერულ თამაშებს მილიონობით ადამიანი თამაშობს (ერთ-ერთი ასეთი ადამიანი მე ვარ), ელექტრონულ სპორტში სერიოზული ფინანსური ინტერესებია.

მაგალითად, ცნობილ თამაშ Dota 2-ში ყოველწლიურად Valve-ის (თამაშის დეველოპერი) ოფიციალური საერთაშორისო ტურნირი (TI) იმართება, შარშან მისმა საპრიზო ფონდმა 34 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

პირველი TI-ს გამარჯვებული გუნდი Na'Vi

პირველი TI-ს გამარჯვებული გუნდი Na'Vi

ფოტო: Valve

აღსანიშნავია, რომ Dota 2-ის პირველ საერთაშორისო ტურნირში, 9 წლის წინ, გამარჯვებული გუნდისთვის მხოლოდ 1 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი. ბოლო TI-ის დროს კი, გამარჯვებულმა გუნდმა OG-მ 26 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო.

Dota-ს მსგავს თამაშში, League of Legends-ში (LoL) ყოველწლიურად მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, სადაც საპრიზო ფონდმა შარშან 2,2 მილიონი დოლარი შეადგინა.

თამაშებისადმი მზარდი ინტერესების გამო, მოსალოდნელია რომ ელექტრონული სპორტის პოპულარობა და პროფესიონალ მოთამაშეთა რიცხვი მზარდი იქნება. ეს კი ცხადია ამ თამაშებში არსებულ საპრიზო ფონდზეც აისახება.

ელექტრონული სპორტის, განსაკუთრებით კი Dota 2-ის წარმატება ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

ბევრი ჩემი თანატოლისგან განსხვავებით, ბავშვობაში კომპიუტერული თამაშები ნაკლებად მიზიდავდა. ერთადერთი თამაში, რომლისადმი ინტერესი მერვე-მეცხრე კლასში გამოვიჩინე, Dota იყო.

Benz Arena-ზე OG-ის გამარჯვებას ფანები გუნდთან ერთად ზეიმობენ

Benz Arena-ზე OG-ის გამარჯვებას ფანები გუნდთან ერთად ზეიმობენ

ფოტო: RedBull

მაშინ Dota, Blizzard-ის Warcraft 3-ის ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ Dota დიდი ხნის მანძილზე დამოუკიდებელი თამაში არ ყოფილა, უნიკალური მექანიკის გამო, ზოგი Warcraft-ს მხოლოდ იმიტომ იწერდა, რომ Dota ეთამაშა. მეც ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვიყავი.

Dota-მ ჩემი და ჩემი რამდენიმე მეგობრის მთელი თავისუფალი დრო მომენტალურად შეიწირა. რაც ბევრისთვის უცნაური იყო იმიტომ, რომ გეიმერობით არ გამოვირჩეოდი. თუმცა, მაშინ მეგონა და ახლაც ვფიქრობ, რომ Dota განსხვავებული თამაში იყო. ამიტომ, როცა Valve-მა Dota 2-ის ღია ბეტა გამოუშვა, მე და ჩემ ამხანაგებს ძალიან გაგვიხარდა.

როცა ცდილობენ, რომ Dota-ს იდეა ისეთ ადამიანს აუხსნან, რომელსაც კომპიუტერული თამაში არასდროს უთამაშია, პირველ პარალელს ხშირად ჭადრაკთან ავლებენ. მეც მშობლებთან ასე ვიმართლებდი თავს: "ჭადრაკივითაა", ვეუბნებოდი ჩემ ნათესავებს, რომლებიც კომპიუტერულ თამაშებს სკეპტიკურად უყურებდნენ.

უფროს თაობაში და ალბათ ჩვენ თაობაშიც, ბევრი მიიჩნევს, რომ ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია და რომ ის გონებას ავითარებს (ამის საბუთი არ არსებობს). თუმცა, იმავეს ნაკლებად ამბობენ ხოლმე დოტაზე ან სხვა თამაშებზე, რომელთა მაღალ დონეზე თამაში, ჩემი აზრით არანაკლებ სტრატეგიას და დაგეგმარებას მოითხოვს.

ჭადრაკის პოპულარობა საქართველოში, ნაწილობრივ ალბათ ცივი ომის დამსახურებაა. საბჭოეთის მოთამაშეების ტოტალური დომინაცია საერთაშორისო ასპარეზზე და ორი ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის წარმატება, სიამაყის მიზეზი იყო.

თუმცა მე მგონია, რომ ჭადრაკი იმიტომ მიიჩნევა "ინტელექტუალურ" სპორტად და დოტა "არაინტელექტუალურად", რომ უცხო თვალისთვის ჭადრაკი მოსაწყენი ჩანს. მოსაწყენი რაღაცეების საათების მანძილზე კეთება კი "ინტელექტუალურად" ჟღერს.

არ იფიქროთ, რომ ჭადრაკის დაკნინებას ვცდილობ. პირიქით, დოტაზე მეტად ჭადრაკი მიყვარს და ძალიან მიხარია, რომ მან ოცდამეერთე საუკუნეში ხელახალი პოპულარობა მოიპოვა, ამჯერად არა როგორც სამაგიდო თამაშმა, არამედ როგორც ელექტრონულმა სპორტმა.

ჭადრაკი როგორც ელექტრონული სპორტი

მე ჭადრაკი ბაბუაჩემმა მასწავლა. ჩემთვის ეს თამაში ყოველთვის რაღაც "ფიზიკური" იყო: მის სათამაშოდ საჭირო იყო დაფა, ფიგურები და ოპონენტი, რომელიც დაფის მეორე მხარეს დაჯდებოდა.

თუ თეთრები მყავდა, ჩემ ოპონენტს (ბაბუაჩემს, კლასელებს, მეზობლებს) სულ ვეუბნებოდი: "თეთრები იწყებენ და იგებენ", შემდეგ კი 20 სვლაში ვაგებდი ხოლმე, მაგრამ თამაში მაინც სასიამოვნო იყო. იმიტომ, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინ პოულობს მომგებიან კომბინაციას, შენ თუ შენი ოპონენტი. თუ ტაქტიკა ლამაზია, მისი შესრულება, ადამიანის ნააზრევის დაფაზე განხორციელება სასიამოვნო სანახავია.

რამდენიმე წლის მანძილზე Dota-სადმი და ჭადრაკისადმი ინტერესი დავკარგე, თუმცა ორივეს თამაში 1-2 წლის წინ განვაახლე. Dota-ს ტურნირებს ხშირად Twitch-ზე ვუყურებდი, სადაც ბევრი სხვა თამაშის სტრიმერებიც არიან. გავიფიქრე, ნეტავ ჭადრაკს თუ სტრიმავს ვინმე თქო და საკმაოდ გაოცებული დავრჩი.

Twitch-ზე სადაც PubG-ს, LoL-ს, Dota-ს და სხვა მსგავს თამაშებს სტრიმავენ ხოლმე, ჭადრაკიც გამოჩნდა. ჭადრაკის Online საიტები, როგორიცაა Chess.com და Lichess-ი უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობენ და ჩემდა გასაკვირად, ბევრი ჭადრაკის თამაშს სწორედ ამ საიტებზე სწავლობს.

მოჭადრაკე და twitch სტრიმერი ჰიაკრუ ნაკამურა

მოჭადრაკე და twitch სტრიმერი ჰიაკრუ ნაკამურა

ფოტო: Wikimedia Commons

ჭადრაკის Twitch სტრიმერები Online-ში ძირითადად ბლიც თამაშებს თამაშობენ, სადაც ოპონენტებს სათამაშოდ სამ-სამი წუთი ეძლევათ. ჩემთვის გასაკვირი ისიც იყო, რომ Online ჭადრაკს მოწადინებული ფანები ყავდა. ამიტომ, ერთი შეხედვით მოსაწყენი თამაშები ემოციურად დატვირთული და ძალიან აქტიური იყო.

ჭადრაკის ყველაზე პოპულარული სტრიმერი ამერიკელი მოთამაშე ჰიკარუ ნაკამურაა. რომლის დამსახურებითაც ჭადრაკისადმი ინტერესი სხვა თამაშის სტრიმერებმა, XQC-მ (Overwatch-ის ყოფილი პროფესიონალი მოთამაშე) და BoxBox-მა (LoL-ის პროფესიონალი მოთამაშე) გამოიჩინა.

ნაკამურა, რომელიც უმაღლესი დონის მოთამაშეა (ამჟამად მსოფლიოში მეთექვსმეტე ადგილზეა) ზემოხსენებულ სტრიმერებს, მაგალითად XQC-ს ჭადრაკის თამაშს ასწავლიდა. ახალგაზრდებისთვის და zoomer-ებისთვის ჭადრაკი ელექტრონული სპორტია.

პროფესიონალი მოჭადრაკე ჰიკარუ ნაკამურა, OverWatch-ის მოთამაშე xQc-ს ჭადრაკს ასწავლის

პროფესიონალი მოჭადრაკე ჰიკარუ ნაკამურა, OverWatch-ის მოთამაშე xQc-ს ჭადრაკს ასწავლის

ფოტო: xQc

ჩემ თვალში სამყაროები გადაიკვეთა. მალევე, ცოტა ხნის წინ, Chess.com-მა ჭადრაკის 16 ყველაზე პოპულარულ სტრიმერს შორის ტურნირი "Chess PogChamps" გამოაცხადა, რომლის საპრიზო ფონდიც 50 000 აშშ დოლარია. რაც მოყვარული მოთამაშეებისთვის საკმაოდ მაღალი თანხაა.

ამჟამად Twitch-ზე ჭადრაკი პოპულარობით 27-ე ადგილზეა. ის უსწრებს პოკერს, Animal Crossing-ს, StarCraft-ს და არაერთ სხვა კომპიუტერულ თამაშს. თან მისი პოპულარობა სწრაფად იზრდება. სხვა თამაშები ხშირად "ძველდება", ამიტომ საზოგადოებაში ინტერესი იკარგება. ჭადრაკი კი ასწლეულებია რაც არსებობს და ახლა, ტექნოლოგიის ეპოქაში ინტერესი მხოლოდ მზარდია.

რატომაა სასიხარულო ელექტრონული სპორტის წარმატება

ელექტრონული სპორტს ყოველთვის ჰყავდა აქტიური და საკმაოდ მოწადინებული მოყვარულები, რომლებიც თამაშებს თამაშობდნენ, ერთმანეთთან საუბრობდნენ და ხშირად თავად თამაშის მომავალ ბედზეც კი სერიოუზლი გავლენა ჰქონდათ.

მაგალითად, Dota-ს ადრეულ დღეებში, IceFrog (თამაშის ერთ-ერთი შემქმნელი, რომლის რეალური იდენტობა უცნობია) ფორუმებზე თამაშის მოყვარულებთან, გამოცდილების გაუმჯობესაბაზე მუდამ საუბრობდა. შედეგად, Dota მუდმივად განახლებადი თამაშია, სადაც დეველოპერებს მოთამაშეების მოთხოვნებზე პასუხის გაცემა უწევთ.

ელექტრონული სპორტის ჩემპიონატები ხშირად მოთამაშეების მიერვეა დაფინანსებული. შესაბამისად სპორტში ფანები პროფესიონალი მოთამაშეებისგან ნაკლებად გაუცხოებულნი არიან და საზოგადოება უფრო აქტიურად არის ჩართული თამაშის განვითარებაში.

ამასთანავე ჭადრაკის და სხვა ელექტრონული სპორტის მოთამაშეები, საჯარო სივრცეში მუდმივად თამაშობენ. თუ მაგალითად Dota-ს კარგი მოთამაშე ხართ, შეგიძლიათ პროფესიონალ მოთამაშეებთან ტურნირებს გარეთ ითამაშოთ.

ეს იგივეა, რომ თქვენ ეზოში მდებარე ფეხბურთის მოედანზე უცებ მესი ან რონალდო ჩამოვიდეს და მეგობრული თამაში გეთამაშოთ.

ამასთანავე კომპიუტერული თამაშები და მათი ენთუზიასტები, საზოგადოებისგან თავიანთი ინტერესების გამო დიდი ხნის მანძილზე გაუცხოებულნი იყვნენ. ელექტრონული სპორტის პორფესიონალი მოთამაშე გარე დამკვირვებლისთვის ყოველთვის ასოციალური, ცუდი ჯანმრთელობის მქონე, მშობლების სარდაფში მცხოვრები "ნერდი" იყო.

საზოგადოების "მიუვალი" ნიშები, კომიქსები, ფენტეზი და sci-fi რომანები დღეს პოპულარული კულტურის განუყოფელი ნაწილია. იგვეს შეიძლება ველოდოთ ელექტრონულ სპორტზეც. დროთა განმავლობაში, ელექტრონული სპორტის ნორმალიზაცია ხდება.

Dota-ს მოთამაშეები მითიური "ნერდები" აღარ არიან და ჭადრაკის მოყვარულები მხოლოდ ბაბუებთან აღარ თამაშობენ. ეს ფრიად სასიხარულოა იმიტომ, რომ ინტერნეტ კულტურის ყველაზე შესანიშნავი თვისება ადამიანების ერთიდაიგივე ინტერესების გარშემო გაერთიანებაა.