მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მიმდინარე მშენებლობების დასრულებას დააზღვევს. ამ თემაზე პრემიერს მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლალუაშვილმა ისაუბრა.

"შევიმუშავეთ მშენებლობის დასრულების გარანტიის პროგრამა. ეს არის დაახლოებით 200 მილიონ ლარიანი პროგრამა, რომელიც ეუბნება მშენებელს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართების 30%-ს ვერ გაყიდით თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის საცხოვრებელ ფართებს შეიძენს", — თქვა ბექა ლალუაშვილმა.

მისი განმარტებით, შეძენილ ფართებს სახელმწიფო დევნილების ბინებით უზრუნველსაყოფად გამოიყენებს. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, დეველოპერები გარანტიას მიიღებენ აუქციონის წესით, აუქციონი ტარდება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი 1 კვ.მ-ის ფასზე, რომელიც 1700 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

შესყიდვის გარანტია გაცემიდან 3 წლის განმავლობაში მოქმედებს.

დღეს, 28 მაისს პრემიერმა გუნდთან ერთად დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ჯამში ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 434 მილიონი ლარი დაიხარჯება:

  • 70 მილიონი ლარი სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება პოთეკური სესხებზე;
  • 140 მილიონი ლარი სახელმწიფოს გარანტია იპოთეკური სესხების პორტფელზე;
  • 150 მილიონი ლარი სახელმწიფოს მიერ დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ქონების შესყიდვა;
  • 200 მილიონი ლარი საცხოვრებელი-უძრავი ქონების პროექტების დასრულების გარანტია.