როგორც ჩანს, ჰენრი კავილს სუპერმენის მოსასხამი კარადაში სამუდამოდ ჯერ არ შეუნახავს.

Variety-ის ცნობით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ მსახიობმა DC Comics-ის შემდეგ ფილმში ითამაშოს.

ჰენრი კავილმა კომიქსის ცნობილი სუპერგმირის როლი პირველად 2013 წელს გამოსულ ზაკ სნაიდერის ფილმში Man of Steel შეასრულა, მოგვიანებით კი ასევე ვიხილეთ ფილმებში Batman v Superman და Justice League.

2017 წელს სწორედ ამ უკანასკნელი ფილმის გამოსვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავილი სუპერმენის როლს აღარ შეასრულებდა. მის შემცვლელად უცხოურ მედიაში სხვადასხვა კანდიდატურას განიხილავდნენ, მათ ორის ერთ-ერთი კი მაიკლ ბი ჯორდანია.

ჰენრი კავილმა რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ამ მნიშვნელოვან როლზე უარი არ უთქვამს და აპირებს, მის დასაბრუნებლად იბრძოლოს:

"სუპერმენის მოსასხამი ისევ კარადაშია და ის კვლავ ჩემია. არ ვაპირებ, რომ ჩუმად ვუყურო, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ როლს ჯერ საბოლოოდ არ ჩამოვშორებივარ. ჯერ კიდევ ბევრი რამაა, რისი გაკეთებაც მინდა, რათა კომიქსის გმირის შესაბამისი სახე შევქმნა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის".

ჰენრი კავილი ფილმში Batman v Superman: Dawn of Justice (2016)

ფოტო: Warner Bros. Pictures

ამ ბრიტანელმა მსახიობმა გასულ წელს ნეტფლიქსის გახმაურებულ სერიალში The Witcher მთავარი როლი შეასრულა და კიდევ უფრო მეტი მაყურებლის გული მოიგო. სერიალი მეორე სეზონით გრძელდება, შესაბამისად, ის მაინც ვიცით, რომ ჰენრი კავილს სუპერმენის როლში თუ აღარ, გერალტის როლში მაინც ვიხილავთ.