საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლება ღამის კლუბებისთვის სექტორულ შეღავათებს არ განიხილავს. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში, მთავრობის მოსმენის შემდეგ ისაუბრა.

"სექტორული შეღავათები ამ ეტაპზე არის გათვალისწინებული ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრიებისთვის, რომლებსაც დრო დასჭირდებათ, რომ ამოიქოქონ. ეს არის ტურიზმი, იმიტომ რომ არ არის საკმარისი ტურიზმი მარტო გავხსნათ, საჭიროა დრო გავიდეს, რომ ისევ იმ დონეზე ავიდნენ, რა დონეზეც იყვნენ; ეს არის სოფლის მეურნეობა, რომელიც ასევე ძალიან დაზარალდა, რადგან ექსპორტული მოთხოვნაც შემცირდა და შიგნითაც; ეს არის ბინათმშენებლობა. რაც შეეხება ღამის კლუბებს, ამ ეტაპზე სექტორული შეღავათები არ განიხილება. ჩვენ მოვისმენთ თითოეული დარგის არგუმენტებს და შემდგომაც ვამუშავებთ პოსტკრიზისულ გეგმას, ვნახოთ როგორ იქნება ამ თვალსაზრისით ჩვენი გადაწყვეტილება", — თქვა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ესმის ყველა ბიზნესის სურვილი, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის, ღამის კლუბების მოთხოვნა."ღამის კლუბები, ღამის ეკონომიკა, გართობის ინდუსტრია არის მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის ნაწილი. ჩვენ შევძელით და ეპიდემიის ეფექტური მართვის შედეგად უფრო სწრაფად ვხსნით ეკონომიკას და პრაქტიკულად მომდევნო ათ დღეში 99% ტურისტული ინდუსტრია გაიხსნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ღამის კლუბებიც ამას სულ მალე მოჰყვება, მათი გახსნა", — აღნიშნა მინისტრმა.

გუშინ, 26 მაისს, ბარებისა და კლუბების წარმომამდგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო სახელმწიფოსგან ყურადღება მოითხოვეს მათ თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი. გარდა ამისა, მათი განცხადებით, იმისათვის რომ სექტორმა სრულიად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, აუცილებელია ერთ წლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის დღგ-ს კუთხით; ბარებისა და კულების წარმომადგენლებმა მოითხოვეს საკრედიტო დახმარებაც კომერციული ბანკებიდან დაბალპროცენტიანი სესხის მიღებისას.