დამოუკიდებელი დეპუტატის, მარიამ ჯაშის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ ჯარიმებზე იყო ბლანკეტური, ანუ ერთგვაროვანი მიდგომა, რაც მართებული არ არის. მისი თქმით, ჯარიმები გადაჭარბებული იყო ფინანსური სანქციის თვალსაზრისით.

"მითუმეტეს, როდესაც ქვეყანა დადგა სოციალური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე და ათიათასობით მოქალაქეს შეეხო", — განაცხადა მან.

მისი თქმით, საზოგადოებაში არის მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ მთავრობა ამ სანქციების ამნისტირებას მოახდენს, მაგრამ უნდა დაველოდოთ რა მოხდება რეალურად.

"ნამდვილად რთული იქნება ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის რადენიმე ათასიანი ჯარიმის გადახდა. ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ არა ფინანსურ სანქციებზე, არამედ სოციალურ დახმარებაზე, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოვიყვანოთ ჩვენი ოჯახები ფინანსური პრობლემებიდან", — აღნიშნა მან.

საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოქალაქეს 3 000, იურიდიულ პირს კი 15 000 ლარით აჯარიმებდნენ.