პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას ვერავის მოსთხოვს.

მისი თქმით, ამ ჯარიმების გაუქმება, პარლამენტის პრეროგატივაა და მას მითითებს ვერ მისცემენ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, თუ ამ ჯარიმების, როგორც შემაკავებელი ინსტრუმენტის გამოყენება, შესაძლოა, მომავალში საჭირო გახდეს და თუ ახლა მათ ჩამოწერენ, მაშინ სამომავლოდ ის შემაკავებელ ძალას დაკარგავს.

"ჯარიმა მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ, განსაკუთრებით მას შემდგომ, როდესაც რეკომენდაციებმა არ იმუშავა. დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა დაარღვიეს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში იყო დაწესებული, იყო 9 ათასი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ არ იცის, ჩვენ ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება, კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. ამიტომ, აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა არ იმუშავებს", — განაცხადა გახარიამ.

თუმცა, მისივე თქმით, ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია და მთავრობა ამას აპირებს.

"მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუმცა, ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ დერიქტიულ მითითებას ვერ მივცემთ პარლამენტს", — განაცხადა გახარიამ.