ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ არებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ბასილაშვილი დოროყაშვილზე ფიზიკურად ძალადობს.

ადვოკატის თქმით, საქმეში არსებობს, როგორც თვითმხილველი მოწმეები, ისე ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ნიკოლოზ ბასილაშვილის სიმშვიდესა და გაწონასწორებულობაზე "მითს ანგრევს".

უფლებადამცველის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის 5 წლის ბავშვმა ყველაფერი დაინახა და მისი ჩვენება მტკიცებულების სახით დართული აქვს საქმეს.

"გულწრფელად გეუბნებით ყველას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ენაზე იკბენს. ადრე თუ გვიან ყველა მტკიცებულება გახდება ცნობილი პირველ რიგში სასამართლოსთვის. სასამართლოს მონიტორინგს გავაკეთებთ ჩვენ და იმედი მაქვს, სახალხო დამცველიც გაააკეთებს ამას. თუ ვინმეს რაღაც ეჭვი მაინც აქვს, რომ დღეს პროვოკატორია ადამიანი, ის ნახავს ვიდეოკადრებს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, სადაც ბატონი ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს. ასეთი ვიდეოკადრები არსებობს. ეს კადრები აჩვენებს იმას, რომ ბატონი ბასილაშვილი არა ერთხელ, არამედ სისტემატურად ძალადობდა. ეს ამძიმებს მის მდგომარეობას და ამას აუცილებლად გაიგებს ხალხი", — განაცხადა ღამის კურიერში ანა აბაშიძემ.

მსოფლიოს 27-ე და საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. როგორც მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს. ამავე საქმეზე ჩოგბურთელის მამის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.

როგორც დაზარალებული ქალი, ნეკა დოროყაშვილი ჰყვება, სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა. როგორც ის ამბობს, დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე არ იცის. დოროყაშვილის განმარტებით, ქონებრივი დავა არ ჰქონიათ, რადგან დიდი ხნის წინ მოლაპარაკებით დასრულდა.

"ბავშვს რომ მივაკითხე წამოსაყვანად, არ ვიცი რა მოუვიდა [მამას] რა დაემართა, არ ვიცი მთვრალი იყო თუ რა იყო, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს, რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, მე ამას ვერ ვადასტურებ, რადგან დიდი ტარი ჰქონდა და მე ნაჯახი მეგონა", — აღნიშნა ქალმა.

თვითონ სპორტსმენი და მისი ოჯახი ბრალდებებს უარყოფენ. ჩოგბურთელი აცხადებს, რომ სასამართლოს დასრულებამდე არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შესვლასა და საქმის დეტალებზე საუბარს.