ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ამბობს, რომ საპატრიარქოს 25 მილიონიანი ბიუჯეტის გაზრდა სურს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში დასმულ კითხვაზე, ხომ არ მოსთხოვენ არჩევნების წინ ხელისუფლებას საპატრიარქოსთვის ბიუჯეტის გაზრდას, საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, 25 მილიონი დოლარის მიმდინარე კურსით ძალიან ცოტაა.

"თქვენ რომ ფიქრობდეთ, რომ მთავრობას ჩვენი ხელშეწყობა უნდა, მაშინ გაგვიკეთებდა ამას, მაგრამ სწორედ იმიტომ არ აკეთებს, რომ დაიწყებაა... მიადგებით... თორემ, რა თქმა უნდა, [საპატრიარქოს სურვილი] არის. [დოლარი] 1,25 რომ იყო, მაშინ იყო ეს ბიუჯეტი", — განაცხადა სასულიერო პირმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა თუ როგორ ნაწილდება 25 მილიონი და ამჯერად, თქვა, რომ 4 მილიონ მოსახლეობაზე გაყოფით, ის 46 თეთრი გამოდის.

"ეს 25 მილიონი თუ გაყოფთ, საქართველოში ცხოვრობს 4 მილიონი თუ 3 მილიონ-ნახევარი ვერ დავადგინე. 4 მილიონი თუ ცხოვრობს, დღეში არის 46 თეთრი. რას მოვახმაროთ ეს 46 თეთრი ეკლესიამ? ეკლესია-მონასტრებს მოვახმაროთ? 3 ათასი გაყავი მაგაზე და 0,00... რაღაცა კაპიკებს მიიღებ. თუ ჩვენ, სამღვდელოების ყოფას მოვახმაროთ, კიდე გაყავი, 2 500-ზე მეტი სასულიერო პირი ვართ საქართველოში და რას მოვახმაროთ? თუ უნდა მოვახმაროთ ადამიანის მომუშაკებას, ანუ 1 კაცის მომუშაკება არის 46 თეთრი", — განაცხადა მეუფე ანტონმა.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. გარდა ამისა, TDI-ის ინფორმაციით, თვითმმართველი თემები და ქალაქები საპატრიარქოს გადასცემენ "მატერიალურ სიკეთეს", ყოველწლიურად, დაახლოებით 4-5 მილიონ ლარს. მათივე ინფორმაცით, 2018 წელს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან გამოეყო 25 535 400 ლარი, ხოლო 2019 და 2020 წლისთვის ბიუჯეტში კვლავ 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მათივე თქმით, საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას: მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI აცხადებს, რომ მათი და სხვა ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს.

TDI-ის განმარტებით, სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.