დღეს დედაენის ბაღში ბარებისა და კლუბების წარმომამდგენლები შეიკრიბნენ და პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე სახელმწიფოსგან ყურადღება მოითხოვეს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ კრიზისის დაძლევის ხედვა წარადგინეს.

როგორც ისინი აცხადებენ, მათ სექტორზე ვითარება იმდენად მძიმედ აისახა, რომ ბევრი მათგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა.

მათივე თქმით, სფეროს პრობლემებსა და საჭიროებებზე კვლევა მათთან კომუნიკაციის გარეშე ჩატარდა.

ბარებისა და კლუბების წარმომამდგენლების განმარტებით, მათი სფერო სპეციფიკური ბიზნეს მიმართულებაა და გონივრული გეგმის შემუშავება მხოლოდ მათი ჩართულობით არის შესაძლებელი.

"გაგაცნობთ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ კრიზისის დაძლევის ხედვასა და მოთხოვნებს, რომლის შესრულებასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიისა და დასაქმებული ათასობით ადამიანის არსებობის, განვითარებისა და მომავლისთვის:

  • დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი. ასევე, ჩვენთან ერთად იქნ რეგულაციები და დირექტივები;
  • იმისათვის რომ ჩვენმა სექტორმა სრულიად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, აუცილებელია ერთ წლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის დღგ-ს კუთხით;
  • მოვითხოვთ, საკრედიტო დახმარებას არსებული ბიზნეს- ერთეულებისათვის კომერციული ბანკებიდან დაბალ პროცენტიანი სესხის მიღებისას ( დაახლოებით ისევე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო,"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფრაგლებში)", — აცხადებენ ბარებისა და კლუბების წარმომამდგენლები.

ისინი ასევე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ თუ დროულად არ მიეცემათ დახურული სივრცეების გახსნის შესაძლებლობა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ, ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შექმნან სარეკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი — "გადარჩენის პარკი", სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ვირუსის გავრცელების რისკები.

"აბსოლუტურად ვიაზრებთ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ობიექტების და სივრცეების დაკეტვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ადრე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების დამტკიცებამდე;

გვჯერა, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფა და ამიტომ სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად", — აცხადებენ ბარებისა და კლუბების წარმომამდგენლები.