საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ ჩვენი ხვალინდელი ადგილი ევროპულ ბლოკშია იმის მიუხედავად, როგორც არ უნდა იცვლებოდეს ის. მისივე თქმით ამ ვითარებაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პატრნიორობა ახალ მნიშვნელობას იძენს.

"ახალ მსოფლიოში ევროპა დიდი გამოწვევისა და სოლიდარობის ახალ ეტაპზე გადასვლის წინაშე დგება. ჩვენთვისაც კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ მასთან მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია და რომ ჩვენი ხვალინდელი ადგილი უდავოდ ევროპულ ბლოკშია, როგორც არ უნდა იცვლებოდეს იგი", — განაცხადა მან ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

აშშ-სთან თანამშრომლობაზე საუბრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ თვეებში გამოჩნდა, უშუალოდ სამხედრო გამოწვევების გარდა, რა გლობალური საფრთხეების წინაშე შეიძლება დავდგეთ.

"ეს საფრთხეები მოითხოვს თანამშრომლობის მიმართულებების გაფართოებას და ამის მაგალითია ლუგარის ცენტრი და სამეცნიერო ურთიერთობები", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების ფონზე, სადაც შავი ზღვის დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება, მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად საქართველოსა და ნატოს ერთობლივი გეგმები კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

გაიგეთ მეტი ზურაბიშვილის გამოსვლაზე: