დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ნაწილი გააკრიტიკა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველა, ვინც კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმების მიმართ უნდობლობას აჩენს და აუცილებელი ზომებს ეჭვქვეშ აყენებს, ქვეყნის წარმატებას და გადარჩენას ებრძვის. მისი თქმით, ასეთი მასშტაბის კრიზისების დროს აუცილებელია გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია.

"პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორ იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში. ამის გააზრება ყველასგან მოითხოვს არჩევანის გაკეთებას ეგოიზმსა და სოლიდარობას შორის; დაპირისპირებასა და თანამშრომლობას შორის; კონფლიქტსა და მშვიდობიან გზას შორის.

სამწუხაროა, რომ ამ გლობალური გამოწვევის დროს ყველამ ერთნაირად ვერ გააცნობიერა სოლიდარობის და ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, ახლა კარგად ჩანს, რომ სწორი გზა არის თანამშრომლობისა და მშვიდობის გზა

"თანადგომაზე უარის თქმა, დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია კი — ანაქრონიზმია", — განაცხადა მან.

პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები და ურთულესი კრიზისის დროს მსოფლიოს წარმატების მაგალითი ვაჩვენეთ. მისივე თქმით, ახლა, როცა შეზღუდვები მოიხსნა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის.