პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკავძის თქმით, წელს, კორონავირუსისთან ბრძოლით, ყველამ ერთად შეძლო, რომ ერთმანეთის გულებში სიამაყის ნაპერწკალი კიდევ აენთოთ. ამის შესახებ მან დამოუკიდებლობის დღისადმი მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმა და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიღწეული პროგრესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, ეს არის ის, რითაც წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს აგრძელებენ, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი.

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ თარიღს, ჩვენი ქვეყნის ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან ერთად აღვნიშნავ. 102 წლის წინ, 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ნანატრი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა. სწორედ მაშინ, ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებს და დემოკრატიას. სამწუხაროდ, მალევე, საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება, თითქმის, 7 ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ მან ვერ შეაჩერა თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვა და მოძრაობა. 1991 წლის წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის საფუძველზე განაგრძო ქართველი ხალხის არჩევანის, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიის განვითარებისა და დასავლეთთან ინტერგრაციის გზა. გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა, წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის განმტკიცებაში", — განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით თანამოქალაქეს არ ეძლევა სახლში დაბრუნებს საშუალება, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები.

მისი თქმით, საქართველოს ღირსეული საზოგადოება და დასავლეთში ძლიერი სტრატეგიული მეგობრები ჰყავს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას არაერთი ომი გამოუვია და სისხლის ფასად მოუწია ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა. წელს განსაკუთრებული განსაცდელის პირისპირ აღმოვჩნდით. უხილავმა მტერმა, ახალმა კორონავირუსმა, საფრთხე შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გამოცდის წინაშე დააყენა ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობები. ვირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ამ პროცესს თამამად გაართვა თავი. ჩვენ ერთად შევძელით რომ სიამაყის ნაპერწკალი კიდევ ერთხელ აგვენთო ერთმანეთის გულებში. კიდევ ერთხელ გვეამაყა ჩვენ სახელმწიფოთი და საზოგადოებით", — განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე, თალაკვაძემ ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლაში: ჯარისკაცების, ექიმებისა და პოლიციელებისმიერ გაწეულ შრომას.

"ეს მიღწევები და წარმატებები არის ახალგაზრდა და უფრო თაობის, სხვადასხვა ჯგუფის, განსხვავებული მისწრაფებების, ხედვის და პროფესიის მქონე ადამიანების ერთობლივი მონაპოვარი. ეს არის ის რაც გვაერთიანებს, დამოუკიდებელ ერად გვამყოფებს. საქართველოს სახელმწიფო ყველა თქვენგან ეკუთვნის. ოფიცრებო და ჯარისკაცებო დარწმუნებული ვარ ღირსეულად ატარებთ სამხედო მუნდირს და ერთგულებით, თავდადებითა და სიმამაცით დაიცავთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას", — განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავს აღნიშნავს.