საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეულმა წარმატებამ მოსახლეობა არ უნდა მოადუნოს, რადგან ახლა უფრო რთულ ფაზაში შევდივართ. მისი თქმით, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის და ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის.

"დარჩენილი შეზღუდვების მოხსნისთანავე შეიქმნება განწყობა, რომ საფრთხე გადავაგორეთ. ეს ასე არაა. აწი ჩვენზე, ინდივიდუალურად და კოლექტიურად, იქნება დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს და დავიცავთ თავს ახალი აფეთქებისა თუ მეორე ტალღისგან", — განაცხადა მან ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც თავდაცვის ძალებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

მისივე თქმით, უნდა მოვემზადოთ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად და გვახსოვდეს, რომ ეს მოითხოვს "გამძლეობას, მოთმინებას და უფრო მეტ სოლიდარობას".

"ესეც ბრძოლის ნაწილია, რომელშიც ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ამ შემთხვევაში დაპირისპირება და პოლარიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და იგი ხელს შეუშლის ენერგიის მობილიზებას", — განაცხადა მან.