საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ანტიდასავლური განცხადებები საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამო გააკეთა. ის დარწმუნებულია, რომ მეუფე ანტონმა ეს განცხადება "დანანებით" გააკეთა. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან ხშირად ფასდება ეკლესიის ქმედებები ტენდენციურად და ეკლესიაზე შეტევების "ნიაღვარი", ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება. ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გრანტებითა და სხვა თანხით ფინანსდებიან, ამბობენ, რომ ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ, თუმცა, ევროპის დისკრედიტაციას ეწევიან.

"თუ არასამთავრობოები და ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ, გააგრძელებენ ეკლესიის და ტრადიციების წინააღმდეგ ამგვარ დამოკიდებულებას. სწორედ ეს გამოიწვევს საშიშროებას და არა ის, რომ მეუფე ანტონმა იქადაგა. მეუფე ანტონმა წარმოაჩინა რეალობა, რაც დღეს მოსახლეობაში უკვე ამოტივტივდა და საშიში ის არის, რომ თუ ისინი ასე გააგრძელებენ ეკლესიის ფეხქვეშ თელვას ეკლესიისას, მივიღებთ ძალიან საშიშ პროცესს", — თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინ ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ, მათ შორის, ანდრეას კუბილიუსსაც. მისი თქმით, პარტნიორებს გულისწუხილი გაანდეს და უთხრეს, რომ მზად არიან ეკლესიის შესახებ "სწორი" ინფორმაცია პირველი წყაროდან მიაწოდონ.

მეუფე ანტონმა ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ეკლესიაზე ორკესტრირებულ შეტევას ის ადამიანები და ორგანიზაციები ახორციელებენ, რომლებიც ლგბტ ადამიანების უფლებებს იცავენ. მისი თქმით, ებადება ეჭვი, რომ ევროატლანტიკურ გზას და არჩევანს უნდა გადახედონ.