საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია TDI-ის ანგარიში ციფრებით მანიპულაციია. მისი თქმით, ანგარიში 2002-2019 წლებში მიღებული თანხა იმიტომ შეიკრიბა, რომ მეტი ეფექტურობა ჰქონოდა. ჯაღმაიძე ფიქრობს, რომ ორგანიზაცია ეკლესიისთვის გამოყოფილ მიწებს ამავე მიზეზით აქვეყნებს კვადრატულ მეტრებში და არა ჰექტრებში.

"მაგალითად თუ ახსენებენ 1 000 000 კვადრატულ მეტრს, უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის 100 ჰექტარი, ანუ 1 კვადრატული კილომეტრი. ისე, კვადრატულ სანტიმეტრებზე რომ გადაეყვანათ, კიდევ უფრო გრანდიოზული ციფრების დაწერასაც შეძლებდნენ", — ამბობს ანდრია ჯაღამიძე.

ჯაღამიძე წერს, რომ 25 მილიონი მნიშვნელოვანი თანხაა ერთი ადამიანისთვის, თუმცა ყველა სიდიდე ფარდობითია და "სხვა ათვლით სისტემაში" წარმოდგენილ მაგალით სთავაზობს საზოგადოებას.

"დავუშვათ ეკლესიას მიღებული თანხა თანაბრად გადაენაწილებინა საქართველოს მოქალაქეებისათვის, რა თანხას მიიღებდა თითოეული მოქალაქე? 276 000 000 ლარი, 17 წლის განმავლიბაში საქართველოს მოსახლეობის მთლიან რაოდენობაზე (3,7 მლ-ნი) გადაანგარიშებით მივიღებთ: 276 000 000 ÷ 17 (წელი) ÷ 3 700 000 (მოსახლეობა) = 4,38 ლ (წელიწადში) ( 1,46 $ ) წელიწადში! თითოეულ მოსახლეზე 4 ლარი და 38 თეთრი, ანუ 1$ და 46 ცენტი! ანუ, თვეში თითო მოსახლეზე 36 თეთრი!!! 12 ცენტი!!! ", — წერს ჯაღმაიძე.

ჯაღმაიძე წერს, რომ გაცილებით მეტი თანხა იხარჯება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომელთა პირველი საქმე ეკლესიის დისკრედიტაციაა.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. გარდა ამისა, TDI-ის ინფორმაციით, თვითმმართველი თემები და ქალაქები საპატრიარქოს გადასცემენ "მატერიალურ სიკეთეს", ყოველწლიურად, დაახლოებით 4-5 მილიონ ლარს. მათივე ინფორმაცით, 2018 წელს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან გამოეყო 25 535 400 ლარი, ხოლო 2019 და 2020 წლისთვის ბიუჯეტში კვლავ 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მათივე თქმით, საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას: მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI აცხადებს, რომ მათი და სხვა ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს.

TDI-ის განმარტებით, სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.