ცხოვრებისეული რეჟიმიდან გამომდინარე სწრაფ კვებაზე დამოკიდებულ ადამიანებს ალბათ ხშირად გინატრიათ თქვენს საყვარელ ობიექტებს საკვების შედარებით ჯანსაღი, სახლური ვარიანტებიც ჰქონოდათ. სწრაფი კვების ბაზარზე ეს საკმაოდ იშვიათია, თუმცა ნაცნობ გემოებზე მომუშავე ბრენდებს მაინც შევხვდებით და სწორედ ერთ–ერთი მათგანია – ღომი და ყველი.

ალბათ, სახელწოდებამ უკვე მიგახვედრათ რას გვთავაზობის მოცემული ბრენდი – ღომი და ყველი ჯანმრთელ, ნაცნობ გემოებზე ორიენტირებული სწრაფი კვების ობიექტია. ის სახლურ საკვებს სთავაზობს ადამიანებს, რომლებსაც თავად მათი მომზადების დრო არ აქვთ, ან სულაც არ უნდათ ერთი პორციის მისართმვად მთელი ქვაბი ღომი ან ლობიო მოხარშონ, თუმცა არც არაჯანსაღი ალტერნატივა სურთ.

"ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ საკვებს. ჩვენ ვყიდით იდეას, რომ სწრაფი კვება შეიძლება უფრო გემრიელი, ნაცნობი და ჯამრთელი იყოს", — ამბობენ ღომი და ყველის დამფუძნებლები.

კომპანია 2019 წლის ნოემბრის ბოლოს დაარსდა და 9 დეკემბერს პირველი რესტორანიც გაიხსნა. როგორც თვითონ გვეუბნებიან, მათი მთავარი მახასიათებელი ნაცნობი გემოებისთვის ახალი ფორმის მიცემაა, კონკურენტებისგან კი მიწოდების სიმარტივე და შეფუთვის მოხერხებულობა გამოარჩევთ.

ღომი და ყველი, ხარჩო, მჭადი, გებჟალია, ჩაქაფული… – ეს იმ კერძების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ღომი და ყველი სწრაფი კვების ფორმით გთავაზობთ. სისწრაფე და სიმარტივე – სწორედ ეს არის მათი ნიშა. ბრენდის სახელიცა და ლოგოც, როგორც თვითონ გვიყვებიან, ამ პრინციპზე დაყრდნობით შეირჩა.

პანდემია მარტივი დასაძლევი არც მათთვის აღმოჩნდა. მართალია, კომპანიის ორიენტირი თავიდანვე ონლაინგაყიდვები იყო, თუმცა რიგი პრობლემები მაინც შეიქმნა: ორი ფილიალიდან ერთ–ერთში ვერ მოხერხდა სამუშაო სივრცის ისე მოწყობა, რომ რეგულაციებს მორგებოდა. ამასთან დეფიციტური გახდა ინგრედიენტების ნაწილი და იმის გათვალისწინებით, რომ შეკვეთების დიდი ნაწილი სამსახურეობრივი ლანჩის დროზე მოდიოდა – გაყიდვებიც დაეცა. თუმცა, კომპანია მაინც იმედიანად და შემართებით არის განწყობილი და მომხმარებელსაც ამხნევებს: "ყველაფერი ძალიან კარგად იქნება" – ასე სრულდება ბოლო დროს მათი Facebook პოსტები.

რაც მთავარია, ამ დროისთვის კომპანიას მიტანის სერვისიც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენსა და გემრიელ ღომს შორის პანდემია ვეღარ ჩადგება.

სტატია განთავსებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.