მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები 2020 წელს არ გაიმართება. უწყების ცნობით, პრემიერი გიორგი გახარია 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.

ადმინისტრაცია განცხადებაში, ასევე, აღნიშნავს, რომ ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები.

"წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე", — განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.