ქართულმა ოცნებამ ლობისტური ჯგუფის, DCI Group-ის, საშუალებით საერთაშორისო პარტნიორებს განცხადებით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების შესრულებას არ აპირებს. აღნიშნული განცხადება აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების და ევროატლანტიკური კურსის ფუნდამენტური საყრდენია და ოპოზიციური პარტიების მხრიდან შეთანხმების შეუსრულებლობა "უპასუხისმგებლობაა".

როგორც მმართველი პარტია, წერს, მზად არიან საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, თუმცა ოპოზიციამ უკან დაიხია.

"ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და სხვა ოპოზიციური პარტიები ძირს უთხრიან 8 მარტის შეთანხმების ლეგიტიმურობას იმით, რომ აჟღერებენ ცრუ ბრალდებებს, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ კრიმინალურ საქმეებთან. ამას საერთო არაფერი აქვს ახალი საარჩევნო სისტემის მიღებასთან", — ვკითხულობთ განცხადებაში.

იმის დასადასტურებლად, რომ შეთანხმებაში, ვინმეს გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა, ქართულ ოცნებას შეთანხმების დოკუმენტიდან ის ნაწილი მოჰყავს, სადაც წერია, რომ: "აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული".

თუმცა, მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონტრავერსიული გადაწყვეტილება მიიღო და ორი დამნაშავე შეიწყალა. რაც, მათი თქმით, აშშ-ს საელჩომ შეაქო და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის ხელშემწყობ გადაწყვეტილებად შეაფასა.

როგორც ქართული ოცნება წერს, ნაციონალურმა მოძრაობამ და ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უნდა შეწყვიტონ მუქარები, ბოიკოტები, პოლიტიკური თამაშები და შეასრულონ ვალდებულება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღეს.

"ქართული ოცნება მოუწოდებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დაადასტურონ მხარდაჭერა ახალი საარჩევნო სისტემის მიმართ და მოუწოდეთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ ქართული დემოკრატიისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯს ძირი არ შეაფერხონ", — ნათქვამია განცხადებაში.