მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების დროს მთავრობა, ალბათ, მგზავრთა რაოდენობაზე გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება ყველა შემთხვევაში სავალდებულო იქნება.

"ალბათ გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებითაც იმის მიხედვით, როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცულობა. ეს დამოკიდებულია იმაზე სამარშრუტო ტაქსიზე ვსაუბრობთ, ავტობუსზე თუ სხვა", — აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა შესაბამის რეკომენდაციებზე მუშაობას და მათ შორის განიხილავს, რა თანამიმდევრობით და რომელი ტიპის ტრანსპორტი ამუშავდეს. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ტრანსპორტმა მოძრაობა 15 ივლისამდე დაიწყოს.

საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ რიგი შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა. დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულოა პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში. ასევე, სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვაც. ამასთან შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა როგორც შიდა, ასევე, საქალაქთაშორისო.