ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციას აპირებენ, რათა გაიგონ, რა გახდა მისი განცხადებების მიზეზი. ამის შესახებ მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ჩემი სომეხი კოლეგის მხრიდან გაკეთებული განცხადება ყველანაირ არგუმენტს მოკლებულია. ჩვენ არაერთხელ გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია იმ პერიოდში, როცა დაიწყო ეპიდემია და გავდიოდით გარკვეულ კონსულტაციებს და ვადარებდით ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას. თუ მას გარკვეული კითხვები გააჩნდა, რა თქმა უნდა, ასევე შეეძლო გამოეყენებინა კომუნიკაციის ეს ხერხი და ჩვენი მხრიდან მოხდებოდა მის კითხვაზე პასუხის გაცემა", — აღნიშნავს ტიკარაძე.

სომხური მედიის ინფორმაციით, არმენ ტოროსიანმა ონლაინკონფერენციისას მეზობელ ქვეყნებს შორის ეპიდსიტუაციისა და ინფიცირებულთა სტატისტიკის განსხვავება მიმოიხილა და არაერთი ვარაუდი გამოთქვა იმაზე, რომ საქართველოში სტატისტიკა არაზუსტია. მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში 40 000 ადამიანის ტესტირება PCR ტესტით ჩატარდა, სწრაფი ტესტები კი არასანდოა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოდან ჩასულ მძღოლებს ხშირად უდასტურდებოდათ კორონავირუსი მაშინ, როცა ქვეყანა ინფიცირებულთა დაბალ რაოდენობაზე საუბრობდა. ტოროსიანის თქმით, მისთვის უცნობია ისიც, შედიან თუ არა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაში პნევმონიით გარდაცვლილები. ტოროსიანმა დასძინა, რომ სომხეთში გაცილებით უფრო ძლიერი ანტიეპიდემიური სისტემა აქვთ და ისურვებდა, რომ საქართველოსაც ასეთივე ჰქონდეს.

სომხეთის მინისტრის განცხადებებს უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, თუ ჩვენს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა, უნდა ეცნობებინათ.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს დაუკავშირდნენ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით და წუხილი გამოთქვეს მედიაში "არასწორად ინტერპრეტირებული" განცხადების გამო.

ამავე თემაზე: