დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომელიც სასამარლოში მიმართვის დროს პენსიონერების ბაჟისგან გათავისუფლებას გულისხმობს. ბესელიას თქმით, ინიციატივის მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანაში მაღალია სიღარიბის დონე, პანდემია მდგომარეობას ართულებს და ახალმა გამოწვევამ შეიძლება წარმოქმნას ახალი ტიპის სამართლებრივი პრობლემები.

"შეიძლება დამაბრკოლებელი გარემოება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან პენსიონრები, რომ მათ ვერც კი მიმართონ სასამართლოს თავისი უფლების დასაცავად იმიტომ, რომ არსებობს ბაჟის გადასახადი. ბაჟი, როგორც წინაპირობა [220 ლარი], რომელიც აუცილებელია სარჩელის შეტანს დროს და ყოველ შემდეგ ინსცტანციაში ბაჟის ოდენობა იზრდება", — განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, ბაჟის შესახებ კანონში არის ჩამონათვალი, თუ ვინ თავისუფლდება გადასახადისგან და სურს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ამ სიაში პენსიონერებიც ჩაეწეროს. მისივე თქმით, ეს იქნება ჰუმანური და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა, რომ ყველა მოქალაქემ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.