მართალია, ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოწმე გავხდით, თუმცა მდიდრული ესპანური სკოლის ინტრიგები კვლავ გრძელდება!

ცნობილი ესპანურენოვანი სატელევიზიო შოუს Elite მესამე სეზონის პრემიერა ამ წლის 13 მარტს შედგა და სულ რამდენიმე თვეში ნეტფლიქსმა დაადასტურა, რომ მაყურებლები სერიალის შემდეგ სეზონსაც იხილავენ.

შოუს ისეთმა ცნობილმა სახეებმა, როგორებიც არიან მიგელ ბერნანდეუ და კლაუდია სალასი, ეს განსაკუთრებული სიახლე იზოლაციაში სახლიდან ჩაწერილი სპეციალური ვიდეოთი აცნობეს ერთგულ გულშემატკივრებს.

"მინდა გითხრათ, რომ სცენარი უკვე წავიკითხეთ და ის ძალიან კარგია", — ამბობს ვიდეოში გუზმანის როლის შემსრულებელი, მიგელ ბერნანდეუ.

Elite-ის მესამე სეზონის ფინალში გაირკვა, რომ გუზმანის, სამუელის, რებეკას, ომარისა და ანდერის ისტორიები კვლავ გაგრძელდებოდა და მათ შემსრულებელ მსახიობებს მეოთხე სეზონშიც იხილავდნენ მაყურებლები.

თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა ასევე გაავრცელა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც სამსახიობო გუნდის რამდენიმე წევრი თავის პერსონაჟს ემშვიდობება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუს, ნადიას, კარლას, პოლოსა და ვალერიოს ისტორია მესამე სეზონში დასრულდა.

Elite ნეტფლიქსის წარმოებული სერიალია, რომელიც ესპანეთის ერთ-ერთ მდიდრულ სკოლაში თინეიჯერების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სერიალის პრემიერა 2018 წელს შედგა და მალევე მილიონობით მაყურებელი მიიზიდა მთელ მსოფლიოში.