საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის ქმედებებმა პანდემიის დროს საშუალება არ მისცა საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოქალაქეებს სათანადოდ დახმარებოდა. ამ თემაზე მან Financial Times–თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენ არ მოგვეცა საშუალება გვერდში დავდგომოდით მათ იმდენად რამდენადაც შეგვეძლო. პირიქით, სეპარატისტული ხელისუფლება უფრო დაიძაბა ურთიერთობებში და სურვილი გაუჩნდა ყველაფრის გაკონტროლების. რუსეთის მხრიდანაც არ გვინახავს რაიმე სახის განვითარება: ჩვენ ვერ ვნახეთ გამჭვირვალობა პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის თვალსაზრისით", — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ახალი რისკები შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისი თქმით, ოკუპანტი საქართველოს ხელისუფლებას "აბსურდულ" შეზღუდვებს უწესებს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიიდან საკუთარი მოქალაქეების დახმარებაზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტრო აცხადებს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ იზოლაციის დაწყებიდან დღემდე 14 ადამიანი გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გასვლას აფერხებს, საერთაშორისო ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია.