დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აპირებს, რომ პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, კომიტეტის დახურულ, "საქმიან შეხვედრაზე" მიიწვიოს.

მისი თქმით, ამ შეხევდრაზე დასასწრებად პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად შეარჩევს.

"მე მივმართავ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, ვისაც საქმიანი საუბრის სურვილი აქვს და მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ საკომიტეტო მოსმენები ამის საუკეთესო მაგალითი არ არის ხოლმე, არ შევალ დეტალებში ვინ რა მიზნით იყენებს ხოლმე, ამაში თავისთავად უკანონო არაფერია. მაგრამ, მგონია, რომ საქმიან საუბარს ცოტა სხვა ფორმატი სჭირდება. მე შევეცდები, რომ პრემიერის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ვუზრუნველვყო ასეთი ტიპის შეხევდრა კომიტეტში, ინდივიდუალურად მექნება კონსულტაცია ყველასთან და საქმიანი შეხვედრა, სადაც ეკონომიკის მინისტრს ვთხოვ, რომ მოვიდეს, ალბათ სოფლის მეურნეობის მინისტრსაც და ასეთი შეხვედრა ვფიქრობ, რომ დროა გაიმართოს კომიტეტში", — განაცხადა კაკულიამ.

მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ საკომიტეტო სხდომებზე საკითხებზე მსჯელობა არ იქნება, თუმცა ფიქრობს, რომ პირველი შეხვედრა "უფრო საქმიანი და შინაარსიანი" დახურულ ფორმატში იქნება.

პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას მისვლა პარლამენტში 27 და 29 მაისს არის დაგეგმილი.