კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. ძიძიგურის თქმით, მისთვის შეთანხმების მეორე პუნქტი არაფერს ნიშნავს. ამ თემაზე ძიძიგურმა მედია ცენტრ მთავარში ისაუბრა.

"[ე.წ. პოლიტპატიმრებზე] შეთანხმებებში, რაღაც ტიპის გარიგებებში, დისკუსიაში ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა, არც საწყის ეტაპზე და არც ახლა ვაპირებთ ჩარევას. მიგვაჩნია, რომ კარგი ვერსია შემოდის საკონსტიტუციო ცვლილების სახით და ამას დავუჭერთ მხარს, მიუხედავად იმისა რას ითვალისწინებდა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების შეთანხმების მეორე პუნქტი", — თქვა ზვიად ძიძიგურმა.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის, ზვიად ძიძიგურის თქმით, შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილება უფრო ნათლად გამოხატავს ხალხის ნებას, ვიდრე არსებული.

ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ისინი საჭირო ხმებს ამ ორი პარტიის დეპუტატების მხარდაჭერის გარეშეც მოაგროვებენ.