საზღვაო ტრანსპორტი სააგენტოს განცხადებით, საქართველოს და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მეზღვაურები დიდი ბრიტანეთის გემებზე დასაქმებას შეძლებენ.

"ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობლობა ჩვენი კერძო სექტორისათვის: საკრუინგო კომპანიებს და ქართველ მეზღვაურებს გაეხსნათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დასაქმების ბაზარი. ამ აღიარებით დასაქმებისთვის იხსნება ისეთი მსხვილი დროშებიც, როგორებიცაა: კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები", — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

უწყების ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს დროშების ქვეშ მსოფლიოში სიდიდით მე-18 ადგილზე მყოფი სავაჭრო ფლოტია (Deadweight tonnage basis), რომლის ქვეშ 1300-ზე მეტი გემი დაცურავს. 2018 წლის ბოლოს დროშის საერთო ტევადობა (Gross Tonnage) 16 მილიონი იყო.