ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი და ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე ფეისბუქზე წერს, რომ ძალადობის წინააღმდეგია, თუმცა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც პირადად არ იცნობს, მხარს უჭერს.

იგი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით წინააღმდეგია ძალადობის ქალების წინააღმდეგ, რომლებიც "ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ".

"ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ — განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო", — წერს ქართველი ფეხბურთელი.

მსოფლიოს 27-ე ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. როგორც მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს. ჩოგბურთელის მამის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.

როგორც დაზარალებული ქალი, ნეკა დოროყაშვილი ყვება, სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა. როგორც ის ამბობს, დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე არ იცის. დოროყაშვილის განმარტებით, ქონებრივი დავა არ ჰქონიათ, რადგან დიდი ხნის წინ მოლაპარაკებით დასრულდა.

"ბავშვს რომ მივაკითხე წამოსაყვანად, არ ვიცი რა მოუვიდა [მამას] რა დაემართა, არ ვიცი მთვრალი იყო თუ რა იყო, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს, რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, მე ამას ვერ ვადასტურებ, რადგან დიდი ტარი ჰქონდა და მე ნაჯახი მეგონა", — აღნიშნა ქალმა.

თვითონ სპორტსმენი და მისი ოჯახი ბრალდებებს უარყოფენ. ჩოგბურთელი აცხადებს, რომ სასამართლოს დასრულებამდე არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შესვლასა და საქმის დეტალებზე საუბარს.