ადამიანები გამუდმებით ყვებიან ამბებს: ქუჩაში, სამსახურში, ტაქსიში, სახლში... და მიუხედავად მათი მრავალფეროვნებისა, ეს ამბები ყოველთვის გარკვეულ პრიზმაშია გატარებული: თუ უთვალავ ისტორიას მოისმენთ, აუცილებლად აღმოაჩენთ საერთო თემებს, მითებს, სიმბოლოებსა და პერსონაჟებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებასა და კულტურაში ხშირად მეორდება. თანამედროვე ფსიქოლოგიის მამამ, კარლ იუნგმა მათ არქეტიპები უწოდა.

არქეტიპები ერთგვარი მითიური სახეებია, რომლებიც მთელი კაცობრიობისთვის საერთოა. ისინი ჩვენს ემოციებთან და ცოცხალ ადამიანებთანაა გადაჯაჭვული. იუნგის მიგნებები წლების განმავლობაში უამრავმა ფილოსოფოსმა, სოციოლოგმა და ფსიქოლოგმა განავრცო და არქეტიპები ხელოვნებას, პოპკულტურას, ლიტერატურას თუ ბიზნესს მიუსადაგა. არქეტიპების იდეა თავისებურად ითარგმნება ბრენდების შემთხვევაშიც. ბრენდის არქეტიპი წარმოაჩენს მის მისიას, მისწრაფებებს, ღირებულებებს და ხასიათს მომხმარებელთან ურთიერთობაში.

ნახეთ 12 ძირითადი არქეტიპი და მათი მაგალითები:

1. მმართველი

მმართველი ბუნებრივი ლიდერია. ის, როგორც წესი, სიტყვებს ფრთხილად არჩევს და მუდმივად ადევნებს თვალს საკუთარ იმიჯს. მისთვის მნიშვნელოვანია წესები და პრინციპები. ის მუდმივად ისწრაფვის მეტი ძალაუფლებისაკენ და როგორც წესი, სხვებსაც უბიძგებს ამისკენ.

დევიზი: ყველაფერი, ან არაფერი.

რეალური და მხატვრული მაგალითები: უინსტონ ჩერჩილი, დედოფალი ვიქტორია, Jay-Z, ნათლია, მეფე ლომი.

ბრენდები: როლექსი, მერსედეს ბენცი, ლუი ვიტონი, ჰუგო ბოსი.

2. მოსიყვარულე

მოსიყვარულე ემოციური და გულწრფელია. მას სურს, ადამიანებს თავი გამორჩეულად აგრძნობინოს. სახელმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, მოსიყვარულეს მიზანი მხოლოდ ცდუნება არაა. ეს არქეტიპი ხუთივე ტიპის სიყვარულს აერთიანებს: მშობლიურს, ოჯახურს, მეგობრულს, სულიერსა და რომანტიკულს.

დევიზი: შენ ერთადერთი ხარ.

რეალური და მხატვრული მაგალითები: მერილინ მონრო, ბიონსე, მადონა, ადამ ლევინი, ურჩხული "ურჩხული და მზეთუნახავიდან", ანა "გაყინულიდან", გუსტავი "სასტუმრო ბუდაპეშტიდან".

ბრენდები: მაგნუმი, Victoria's Secret, ფერარი, კელვინ კლაინი, დიორი, ნესკაფე.

3. მაძიებელი

მაძიებელისთვის, რომელსაც მკვლევარსა და აღმომჩენსაც უწოდებენ, მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. მას შეუძლია, რომ სიახლეების აღმოჩენის სურვილით სხვებიც აანთოს. მას სურს, რომ "სავსე" და საინტერესო ცხოვრებით იცხოვროს. მაძიებელს სჯერა, რომ ნივთების შეგროვებას მოგონებების შეგროვება სჯობს.

დევიზი: არასდროს შეწყვიტო აღმოჩენა

რეალური და მხატვრული მაგალითები: სტივ ირვინი, ინდიანა ჯონსი, მულანი.

ბრენდები: GoPro, Jeep, The North Face, Starbucks, Amazon, Nasa.

4. ბრძენი

ბრძენი თავის საქმეში ექსპერტია და გამუდმებით ჭეშმარიტების ძიებაშია. ის სამყაროს ობიექტურად უყურებს და უყვარს საკუთარ თავში ჩაღრმავება. მას სჯერა კაცობრიობის პოტენციალის და არაჩვეულებრივი მრჩეველია. ბრძენს მრავალი სახე აქვს: ის შეიძლება იყოს გურუ, ფილოსოფოსი, მენტორი ან მეცნიერი.

დევიზი: სიმართლე გაგათავისუფლებს.

რეალური და მხატვრული მაგალითები: სპოკი, შერლოკ ჰოლმსი, აინშტაინი, ოპრა უინფრი, იოდა.

ბრენდები: Audi, The New York Times, Ted, Google, Philips,

5. გულუბრყვილო

ამ არქეტიპს სჯერა, რომ ადამიანები ბუნებით კეთილები არიან და ჰარმონიაში ცხოვრებას ესწრაფვიან. ის უბრალო და გულწრფელია. ყოველთვის მზადაა დახმარების ხელის გასაწოდებლად და გამოუსწორებელი ოპტიმისტია.

დევიზი: იცხოვრე და ნება მიეცი, იცხოვროს.

რეალური და მხატვრული მაგალითები: პრინცესა დაიანა, ანა ფრანკი, დოლი პარტონი, ფიფქია, ელმო, ფორესტ გამპი, დორი.

ბრენდები: Dove, Coca Cola, Volkswagen, McDonald’s.

6. ხელოვანი

ხელოვანის მიზანია, იდეებს ხორცი შეასხას. მას მოსწონს ყველაფერი არაორდინალური და უცნაური. მისთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი და უნიკალურობა.

დევიზი: თუ შეგიძლია, რომ წარმოიდგინო, ესე იგი, შეგიძლია გააკეთო.

რეალური და მხატვრული მაგალითები: ლედი გაგა, ჯონი დეპი, ტონი სტარკი.

ბრენდები: Lego, Adobe, Instagram, Apple, Sony.

7. კეთილი

კეთილი "შენნაირი" და "შენიანია". მას სადა, უბრალო გემოვნება აქვს და სნობები არ უყვარს. ხშირად არის ოჯახზე ორიენტირებული და ფუნქციონალურობას ესთეტიკაზე მაღლა აყენებს.

დევიზი: ყველა თანასწორია

რეალური და მხატვრული მაგალითები: სემუელ ტარლი, ლილო (ლილო და სტიჩიდან), ჯულია რობერტსი, მეთ დეიმონი.

ბრენდები: Toyota, Budweiser, IKEA, Wrangler, Gap, Target.

8. მზრუნველი

ეს არქეტიპი ეგოიზმისგან სრულად დაცლილია და ორიენტირებულია გულუხვობასა და თანაგრძნობაზე. ის მზადაა, საკუთარ თავს ნაკლები ყურადღება დაუთმოს, თუ ეს სხვებზე ზრუნვაში დაეხმარება.

დევიზი: მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ.

რეალური და მხატვრული მაგალითები: ოსკარ შინდლერი, ჰაგრიდი, ანჯელინა ჯოლი, დედა ტერეზა, მერი პოპინსი, დალაი ლამა.

ბრენდები: Heinz, Volvo, Kleenex, Toms, Gerber, Nestle. Nivea, John Lewis.

9. მეამბოხე

ამ არქეტიპის მიზანია, პერსონალური ან სოციალური ცვლილება გამოიწვიოს. მას აღიზიანებს "ჩვეულებრივობა" და ისწრაფვის ტაბუების დამსხვრევისაკენ.

დევიზი: წესები იმისთვისაა, რომ დაარღვიო.

რეალური და მხატვრული მაგალითები: ჯეიმს დინი, ემინემი, მალკოლმ X, რობინ ჰუდი, ზორგი "მეხუთე ელემენტიდან", კანიე ვესტი და ჩე გევარა.

ბრენდები: MTV, Harley Davidson, Diesel, Virgin.

10. გმირი

გმირი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარული არქეტიპია. გმირი ებრძვის უსამართლობასა და ბოროტებას, ოღონდ ისე, რომ საკუთარი პრინციპების ერთგული რჩება. მისი მიზანია, სამყარო გააუმჯობესოს.

დევიზი: თუ სურვილი არსებობს, გზაც გამოჩნდება.

რეალური და მხატვრული მაგალითები: გლადიატორი, ჯონ სნოუ, კეტნის ევერდინი, ჰარი პოტერი, ნელსონ მანდელა.

ბრენდები: Nike, BMW, Fedex, Duracell, Snickers.

11. მასხარა

ეს არქეტიპი ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს და პრობლემებს ზედმეტად სერიოზულად არ უყურებს. ის ინოვატორია და წარუმატებლობის შემდეგ სწრაფად ახერხებს ფეხზე დადგომას. მასხარას ავტორიტეტები არ ადარდებს.

დევიზი: მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ.

რეალური და მხატვრული მაგალითები: ჯიმ კერი, რობინ უილიამსი, ჩარლი ჩაპლინი, ელენ დეჯენერესი, ჯოუი Friends-დან.

ბრენდები: Kia, M&M’s, Fanta, Skittles, Doritos, Domino's, Mailchimp, Old Spice.

12. ჯადოსნური

ჯადოსნურს, რომელსაც ალქიმიკოსისა და მისნის სახელითაც ვიცნობთ, სჯერა, რომ სამყარო მაგიით სავსეა, უბრალოდ აუცილებელია, მისი დანახვა ვისწავლოთ. ჯადოსნურის არქეტიპი ეყრდნობა იმ აზრს, რომ ობიექტური რეალობა არ არსებობს. ყველა იმას ვხედავთ, რისიც გვწამს. ის გრძნობს, რომ მოვლენები, ადამიანები და იდეები ერთმანეთთან კავშირშია: არაფერი ხდება უკვალოდ და პატარა ცვლილებაც კი მოვლენების ჯაჭვს იწვევს. მას ცვლილებები ადამიანთა წარმოსახვის გაფართოების ხარჯზე მოაქვს.

დევიზი: არაფერია შეუძლებელი

ნამდვილი და მხატვრული მაგალითები: გენდალფი, ანაკინი, სნეიპი, მისთიქი, სტივ ჯობსი, მარტინ ლუთერ კინგი.

ბრენდები: დისნეი, ტესლა, პოლაროიდი, XBOX, რედბული.

შეიძლება ბრენდმა არქეტიპი შეიცვალოს?

დიახ, შესაძლებელია ბრენდმა არქეტიპი შეიცვალოს, რადგან თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, არსებულ გამოწვევებს პასუხობდე. ეს გახდა თიბისისთვისაც ცვლილებების მიზეზი. დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ უფრო ღირებული მომხმარებლის მოსმენა გახდა და არქეტიპიც მაძიებლით შეიცვალა.

მაძიებლის თვისებებზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი გეტყვით, რითია ის ბრენდისთვის გამორჩეული. მთავარი, ალბათ, ისაა, რომ ეს არქეტიპი ბევრად ახლოსაა მოცემულობასთან, რომელშიც ვცხოვრობთ. ამიერიდან თიბისის სლოგანია აქ და ახლა, რაც ყველას კიდევ ერთხელ აფიქრებს იმ რეალობაზე, რომელშიც მოულოდნელად მთელი დედამიწა აღმოჩნდა.

როგორია ახალი არქეტიპი? — მეტად გამიზნული, მომხმარებლებზე ორიენტირებული, მუდმივად ახალი გზების მაძიებელი. თიბისიში ამბობენ, რომ იყო დრო, როცა ბიზნესი მომხმარებელს ნაბიჯებს კარნახობდა. ახლა ეს ყველაფერი პირიქითაა.

რას ნიშნავს აქ და ახლა მომხმარებლისთვის? — ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ცხოვრება კიდევ უფრო მარტივი გახდება, ბრენდი კი ეცდება, ნებისმიერი მომსახურება სასურველ ადგილას სწრაფად მიიღოთ. ბიზნესისთვის ეს ნიშნავს მოწოდებას, რომ გამოიყენოთ შესაძლებლობები და გქონდეთ მხარდაჭერის იმედი ყოველთვის, მათ შორის მოულოდნელად გამოჩენილ კრიზისთან ბრძოლაში.