ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია ტყის კოდექსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეიძლება ხელისუფლება "უფრო ზრუნავს, რომ ეკლესიას დაუბრუნდეს თავისი დიდება". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ ვიმყოფებით მარტვილის მონასტერში, რომელიც მერვე საუკუნიდან არსებობს. თქვენ ხედავთ, როგორი ულამაზესი ადგილია, როგორ ინარჩუნებს ეკლესია ხე და ტყეს. არა მარტო ინარჩუნებს, პირიქით, ამრავლებს", — აცხადებს მეუფე გრიგოლი.

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს იმას, რომ საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

ტყის კოდექსის ამ ჩანაწერს აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ ამის შესახებ არაერთი განცხადება გაავრცელეს. ისინი ცვლილებების ამ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგებიან. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, ასევე, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს.

TDI აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი წინაასარჩევნო პერიოდებში იზრდება. მათივე შეფასებით, ეს ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით ცვლილებები ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს და მათივე განცხადებით, იგი სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას ქმნის.

EMC-შიც ვარაუდობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემის ამ ინიციატივას, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კონტექსტში საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვების ინტერესი აქვს.

ამავე თემაზე: