საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს დაუკავშირდნენ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით და წუხილი გამოთქვეს მედიაში "არასწორად ინტერპრეტირებული" განცხადების გამო. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 23 მაისს ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა:

"ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ განხორციელდა ზარი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან საელჩოში, დარეკა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტმა, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით. მან გამოთქვა წუხილი, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც მათი განმარტებით, არასწორად ინტერპრეტირებული იყო, გაანაწყენა ქართველი კოლეგები. გვთხოვა, რომ ეს პოზიცია გადმოეცა თბილისისთვის".

ზალკალიანმა აღნიშნა ისიც, რომ აუცილებელია იხილონ სომეხი კოლეგის ორიგინალი განცხადებაც და თუკი ის დადასტურდა, რაც მედიით გავრცელდა, "ეს იყო არაკორექტული".

"როგორც კი მედიიდან შევიტყვეთ განცხადებაზე, დაუყოვნებლივ გვქონდა რეაგირება დიპლომატიური არხების მეშვეობით, მათ შორის, ჩვენი საელჩო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა [სომხურ მხარეს]. ეს რბილად რომ ვთქვა, ძალიან არაკორექტული იყო მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ, მაღალი ოფიციალური პირის მხრიდან", — ამბობს ზალკალიანი.

სომხური მედიის ინფორმაციით, არმენ ტოროსიანმა ონლაინკონფერენციისას მეზობელ ქვეყნებს შორის ეპიდსიტუაციისა და ინფიცირებულთა სტატისტიკის განსხვავება მიმოიხილა და არაერთი ვარაუდი გამოთქვა იმაზე, რომ საქართველოში სტატისტიკა არაზუსტია. მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში 40 000 ადამიანის ტესტირება PCR ტესტით ჩატარდა, სწრაფი ტესტები კი არასანდოა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოდან ჩასულ მძღოლებს ხშირად უდასტურდებოდათ კორონავირუსი მაშინ, როცა ქვეყანა ინფიცირებულთა დაბალ რაოდენობაზე საუბრობდა. ტოროსიანის თქმით, მისთვის უცნობია ისიც, შედიან თუ არა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაში პნევმონიით გარდაცვლილები. ტოროსიანმა დასძინა, რომ სომხეთშით გაცილებით უფრო ძლიერი ანტიეპიდემიური სისტემა აქვთ და ისურვებდა, რომ საქართველოსაც ასეთივე ჰქონდეს.