ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სულ მცირე, ბოდიში უნდა მოიხადოს, მას შემდეგ, რაც "დავადასტურებთ, რომ ერთი სიტყვაც არ იყო მართალი". ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრისას ცერცვაძემ აღნიშნა ისიც, რომ თანამდებობის პირმა და ისიც მოძმე ქვეყნიდან, ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოს, სერიოზული არგუმენტების გარეშე.

"მან გააკეთა არაკორექტული და სიმართლეს აცდენილი განცხადებები. პირველი: მან ცალსახად განაცხადა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა საქართველოსას ბევრად სჯობს. მეორე: მან ეჭვი შეიტანა საქართველოს მიერ გამოყენებული ტესტ სისტემების ხარისხში და იმაში, რომ ჩვენ ვიყენებთ ოქროს სტანდარტის ტესტებს და გამოთქვა ეჭვი, რომ ჩვენ ვიყენებთ ე.წ. სწრაფ, მარტივ ტესტებს, რომელთაც სომხეთში არ ენდობიან. მესამე: მან პირდაპირ ბრალი დასდო საქართველოს, რომ ის ატყუებს მსოფლიოს, რომ ის გადასცემს არასწორ ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და ამით შეცდომაში შეყავს ისინი", — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, იგი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ხელისუფლების მხრიდანაც არ დარჩეს უყურადღებოდ სომხეთის მთავრობის წევრის განცხადება:

"არ ვიცი, რა დიპლომატიური ფორმები არსებობს ამ დროს პროტესტის გამოცხადების. ალბათ, არსებობს ელჩის დაბარება, პირდაპირი კომუნიკაცია".

ცერცვაძის მონაცემებით, 23 მაისის მდგომარეობით, საქართველოში 728 დადასტურებული შემთხვევაა, სომხეთში — 6 302. საქართველოში არის 12 გარდაცვლილი, სომხეთში — 77; ერთ მილიონ მოსახლეზე, საქართველოში არის 182 ავადმყოფი, სომხეთში — 2127; ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველოში არის 3 გარდაცვლილი, სომხეთში — 29.

სომხური მედიის ინფორმაციით, ტოროსიანმა ონლაინკონფერენციისას მეზობელ ქვეყნებს შორის ეპიდსიტუაციისა და ინფიცირებულთა სტატისტიკის განსხვავება მიმოიხილა და არაერთი ვარაუდი გამოთქვა იმაზე, რომ საქართველოში სტატისტიკა არაზუსტია. მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში 40 000 ადამიანის ტესტირება PCR ტესტით ჩატარდა, სწრაფი ტესტები კი არასანდოა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოდან ჩასულ მძღოლებს ხშირად უდასტურდებოდათ კორონავირუსი მაშინ, როცა ქვეყანა ინფიცირებულთა დაბალ რაოდენობაზე საუბრობდა. ტოროსიანის თქმით, მისთვის უცნობია ისიც, შედიან თუ არა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაში პნევმონიით გარდაცვლილები. ტოროსიანმა დასძინა, რომ სომხეთშით გაცილებით უფრო ძლიერი ანტიეპიდემიური სისტემა აქვთ და ისურვებდა, რომ საქართველოსაც ასეთივე ჰქონდეს.