თბილსიის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ონლაინგამოკითხვის მეშვეობით, პანდემიის დროს დაზარალებული ღამის კლუბების პრობლემები სრულად შეისწავლეს და მათ დახმარებასაც გეგმავენ. ამაზე მერმა დღეს, 23 მაისს, ღამის ეკონომიკაზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა:

"ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ონლაინგამოკითხვა გავაკეთეთ და გვაქვს სრული სურათი, თუ რა პრობლემების აქვთ [ღამის] კლუბებს, როგორ დააზიანა პანდემიამ და ვაპირებთ გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ამ მიმართულებისთვის".

8 მაისს საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანებამ პეტიცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსის პანდემიამ და თანმდევმა კრიზისმა ისინი უმძიმესი გამოწვევის წინაშე დააყენა.

"შეჩერებულია სახელოვნებო, მუსიკალური და რეკრეაციული სივრცეების, კლუბების, ფესტივალების, სახელოსნოების, სტუდიებისა და არტისტების მუშაობა, რამაც არამხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები შეაჩერა, არამედ უიმედოდ დატოვა ათასობით დასაქმებული, ინდუსტრიების მომავალი კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა", — ეწერა ღია წერილში.