გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდება.

ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდება, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღეს გრძელდება.

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას სიმბოლურად ღირსშესანიშნავი ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს.

„თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოს განარინჯისფერებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში და თბილისის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევის მნიშვნელობას. სასიხარულოა, რომ საქართველოს დედაქალაქიც ამ ტრადიციას შეუერთდება“, - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.

მიმდინარე წელს გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის მთავარი გზავნილს წარმოადგენს: „გაანარინჯისფრე სამყარო - უზრუნველყავი თანხების მობილიზაცია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში ინვესტირების მნიშვნელობას.