იუსტიციის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი რურუას პატიმრობის საკითხი არა მიზეზი, არამედ საბაბია იმისა, რომ ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს. წულუკიანის თქმით, თუ ოპოზიცია "ერთი ბრალდებულის გარეთ გამოსვლაზე ჩამოჰკიდებს ყველაფერს", ეს იქნება საბაბი და უპასუხისმგებლობა.

"მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ყველაფერს მიაღწიეს, რაც სურდათ, ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა უყარონ კენჭი მათთვისვე სასურველ შედეგებს. [რურუას გათავისუფლება] ალბათ, უფრო საბაბია და ქართულ ენაში ამ ორ სიტყვას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა", — განაცხადა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.

გიორგი რურუა ერთ-ერთია იმ პატიმრებს შორის, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია მოითხოვს. ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებენ, რომ ის პოლიტიკურ ნიშნითაა დაკავებული და მისი გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

გიორგი რურუას გათავისუფლების მოწოდებებს მმართველ პარტიას უგზავნიან ევროპარლამენტიდანაც. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს.

ამავე თემაზე: