პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას, რაც მთავრობას უფლებას აძლევს, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშეც დააწესოს.

პრეზიდენტის თქმით, დღეს აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რათა დროულად განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და დადგენილ ვადებში ჩატარდეს სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები. მ

"მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, პასუხისმგებელი ვარ დავიცვა ადამიანის ძირითადი უფლებები, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებას. ამ უკანასკნელი უფლების დასაცავად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გამო, საჭირო გახდა კანონით გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, ისე, რომ არ შეილახოს ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები. წარმოდგენილი კანონით ეს რთული ბალანსი დაცულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი ასევე ადგენს, აღსრულების პროცესში, შეზღუდვის მიზნობრიობის და პროპორციულობის აუცილებლობას", — განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ არამსათავრობოების ნაწილი კანონს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და საკონსტიტუციო სასამართლოშც კი ასაჩივრებს, პრეზიდენტი აცხადებს, რომ კანონი მთავარ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

"დღეს ჩემთვის ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონები ზემოაღნიშნული გამოწვევების გადასალახად აკმაყოფილებს ორივე მთავარ მოთხოვნას — საქართველომ განაგრძოს დემოკრატიული განვითარება და შეინარჩუნოს პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგები და აუცილებელი ბერკეტები. ბუნებრივია, რომ დავაკვირდები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებას", — განაცხადა მან.

დღეს, 22 მაისს ქართულმა ოცნებამ 81 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მიღებული კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და უქმდება 15 ივლისის შემდეგ.

ოპოზიციას, არც ევროპულ საქართველოს, არც ნაციონალურ მოძრაობასა და პატრიოტთა ალიანსს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

გუშინდელი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, კანონპროექტში მცირე ცვლილებები შევიდა. ახალი რედაქციით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს საკარანტინო ღონისძიებებიც.

საკარანტინო ღონისძიებები კი შეიძლება იყოს ეს:

ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა შეხება ან შესაძლოა ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში;

ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა, რომ ამ უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

ამასთან, ახალი კანონის მიხედვით, ადამიანის იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, მას გასაგები ფორმით უნდა განუმარტონ, რა არის მისი გადაყვანის საფუძველი, რომ აქვს უფლება გადაყვანის შესახებ შეატყობინოს სასურველ პირს, ასევე, აქვს უფლება ადვოკატზე. არასრულწლოვნის იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა ეცნობოს მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.