22 მაისი Microsoft Solitaire-ის დაბადების დღეა. თამაში 1990 წელს ოპერაციულ სისტემა Windows 3.0-თან ერთად გამოვიდა, რომლის მთავარი მიზანი არა გართობა, არამედ მაუსის გამოყენების შესწავლა იყო. მოგეხსენებათ, მაუსი იმ დროისთვის ჯერ კიდევ სიახლე იყო და ბევრმა მისი მოხმარება არ იცოდა. მაიკროსოფტის განცხადებით, 30 წლის შემდეგაც კი Solitaire ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშად რჩება, რომელსაც ყოველთვიურად 35 მილიონი ადამიანი თამაშობს.

დიდწილად თამაშის პოპულარობა იმან განაპირობა, რომ 22 წლის განმავლობაში ის ვინდოუსის სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო და მხოლოდ 2012 წელს მაიკროსოფტმა ის ცალკე აპლიკაციად გამოუშვა.

თამაშმა Xbox Live-ის ინტეგრაცია, სირთულის რეჟიმის არჩევის შესაძლებლობა და სხვა, თანამედროვე თამაშებისთვის დამახასიათებელი თვისებები შეიძინა. 2015 წლიდან კი Microsoft Solitaire Collection ისევ დაბრუნდა Windows 10-ის სტანდარტული აპლიკაციების ნაკრებში და ანდროიდ/iOS მოწყობილობებზეც გამოვიდა.