დღეს, 22 მაისის დასრულებისთანავე საგანგებო მდგომარეობა უქმდება, თუმცა დღეს მიღებული კანონით მთავრობას უფლება აქვს შეზღუდვები ამის გარეშეც დააწესოს. ამ ეტაპზე ახალი არ დაწესებულა, თუმცა მათ ძალაში დატოვეს უკვე არსებული შეზღუდვების ნაწილი:

  • შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა როგორც შიდა, ასევე, საქალაქთაშორისო;
  • შეზღუდულია ტაქსით 3 კაცზე მეტის გადაადგილება;
  • შეზღუდულია რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხარებლის ადგილზე კვებით მომსახურება;
  • შეზღუდულია სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინე ზონებისა;
  • შეზღუდულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინვაჭრობისა;
  • შეზღუდულია მოლებისა და ბაზრების ფუნქციონირება, გარდა უკვე გახსნილი აგრარული ბაზრებისა;
  • შეზღუდულია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ჩატარება;
  • შეზღუდულია აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ ფორმით;
  • ისევ აკრძალულია Covid-19-თან ბრძლისთვის საჭირო სამედიცინო პროდუქციის ქვეყნიდან გატანა;

  • სახელმწიფო სერვისების ნაწილი ისევ დისტანციურად იმუშავებს.

პრემიერის პრესპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხვალიდან სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა ეხსნებათ 70 წელს ზევით მოქალაქეებს. მისივე თქმით, ხვალიდან პირბადე სავალდებულო ხდება ტაქსის მძღოლებისთვის და ყველასთვის, ვინც საჯარო დახურულ სივრცეში იმყოფება. მათ შორის, სავაჭრო ცენტრებში.

ქართულმა ოცნებამ 81 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მიღებული კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და უქმდება 15 ივლისის შემდეგ.

გუშინდელი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, კანონპროექტში მცირე ცვლილებები შევიდა. ახალი რედაქციით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს საკარანტინო ღონისძიებებიც.

გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა, რომ ამ უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.