იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დროებით მიმოსვლის თავისუფლება და საკუთრების უფლების რეალიზება არის უფრო ნაკლები სიკეთე, ვიდრე საზოგადოების ჯანმრთელობა. ასე შეაფასა მან ახალი კანონი, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს.

"მთავრობა ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია, დაიცვას თანაზომიერების პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაცული სიკეთე, რასაც ჩვენ ვიცავთ, უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე შეზღუდული უფლება. მიმოსვლის თავისუფლება არის უფრო ნაკლები სიკეთე, ვიდრე საზოგადოების ჯანმრთელობა; საკუთრების უფლების რეალიზება, ამ შემთხვევაში, არის უფრო ნაკლები სიკეთე, ვიდრე ჩენი საზოგადოების ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, ხაზგასმით, 15 ივლისამდე მხოლოდ და მხოლოდ", — განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს კანონი გამოსადებია იმისთვის, რომ მთავრობამ 15 ივლისამდე დაგეგმოს დროებითი ღონისძიებები, როგორიცაა საზღვარგარეთიდან ჩამოსული პირების კარანტინში გადაყვანა, თავშეყრის ღონისძიებების შეზღუდვა და საჭიროების შემთხვევაში, კლინიკების მობილიზება.

"ვინაიდან ასეთი პირები შესაძლებელია იყვნენ რისკ ჯგუფში და ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ისინი უკონტროლოდ, საზოგაოდების მეთვალყურეობის გარეშე დავტოვოთ და შევქმნათ რისკი, რაიმე დაავადების გავრცელების.

ასევე, ვერ მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ 15 ივლისამდე, ისეთი სოციალური თავშეყრის ღონისძიებების გამართვის შესაძლელბობას, როგორიც არის ქორწილები და ხალხმრავალი ღონისძიებები იმისთვის, რომ დავიცვათ საზოგადოების ჯანმრთელობა", — განაცხადა მან.

ქართულმა ოცნებამ 81 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მიღებული კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და უქმდება 15 ივლისის შემდეგ.

გუშინდელი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, კანონპროექტში მცირე ცვლილებები შევიდა. ახალი რედაქციით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს საკარანტინო ღონისძიებებიც.

გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა, რომ ამ უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.