ლელო საქართველოსთვის ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში დაგეგმილი არაკონსტიტუციური ცვლილებები არ მიიღოს.

კახა კოჟორიძის თქმით, მიუხედავად პროექტში შეტანილი გარკვეული ცვლილებებისა, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან კვლავ წინააღმდეგობაშია.

"უმრავლესობის განცხადება, რომ აღნიშნულ შეზღუდვებს 15 ივლისამდე გავატარებთ, ნიშნავს, რომ 15 ივლისამდე ითხოვენ კონსტიტუციის დარღვევის უფლებამოსილებას. ეს მიუღებელია. კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს არც ერთი თვით და არც ერთი დღით. წერტილი" — განაცხადა კოჟორიძემ.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს და პარლამენტს "ხელები არ უნდა დაებანათ" და მთელი ძალაუფლება არ გადაებარებინა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, არამედ პირიქით, თავად კანონს, პრეზიდენტის დეკრეტს,რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, უნდა განესაზღვრა ძალიან კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობას უნდა ემოქმედა.

ლანა გალდავას განცხადებით, მსგავსი ცვლილებები კანონში ამხნევებს ხელისუფლებას,
რომელსაც კურსი აღებული აქვს ავტორიტარული მმართველობისაკენ.

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის გაფრთხილება საგანგებო მდგომარეობის და
მისი ღონისძიებების შესახებ. ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს. ჩვენ უნდა მივიღოთ შეჯერებული კანონპროექტი, რომელიც დამუშავდება ექიმების, იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წრეში", — განაცხადა ლანა გალდავამ.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. ინიციატივას პროტესტი მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში. ისინი კანონპროექტში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ. ხმაურიანი განხილვების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა კანონი იყოს დროებითი. ინიციატივას ამ დათქმით მეორე და მესამე მოსმენით პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან.

გაიგეთ მეტი: