სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ტრანსგენდერი ქალებისთვის დახმარება გაუგზავნა. ამის შესახებ პოსტი მან საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მიღებული პროდუქტებით 27 ტრანსგენდერ ქალს დაეხმარებიან.

On.ge-სთან საუბრისას ნატა ამბობს, რომ ვერ დაასახელებს კონკრეტულად ეკლესიას და პირებს, ვინც დაუკავშირდნენ, რადგან მათ გასაჯაროება არ სურთ.

"სამწუხაროდ, ვერაფერს ვიტყვი, რადგან მთხოვეს დეტალებში არ ჩავიდე. მარტო იმის ლეგიტიმაცია მაქვს, რომ ვთქვა, რომ დახმარება ეკლესიიდანაა და ნამდვილად ეკლესიიდან არის. დამიკავშირდა ერთ-ერთი ადამიანი, რომლის ნათლიაც არის ეკლესიასთან შუამავალი, მკითხეს რაოდნეობა და დღეს მოიტანეს", — ამბობს ფერაძე.

მისი ინფორმაციით, გამოგზავნილ დახმარებაში საკვები პროდუქტები და სიგარეტი შედის, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ყველაზე მეტად გაუხარდათ.

"შოკისმომგვრელი იყო და არ გვჯეროდა, ტრანსგენდერების ჩათში ვიხილავდით, იქ ამბობდნენ ფრთხილად იყავი ახლა თაფლი არ მოგიტანონ, არ წაგისვან, მზეზე არ დაგსვან, საწამლავი არ იყოს და ასე შემდეგ. დაუჯერებლად კარგი ფაქტია, გოგოებს გული აუჩუყდათ, მადლიერების მეტი არაფერი არ გვეთქმის", — თქვა ნატა ფერაძემ.

ნატა ფერაძის თქმით, დახმარებას 27 ტრანსგენდერს დღეს მიუტანენ. მან აღნიშნა, რომ ყველასთვის ცნობილი ეკლესიისადმი მისი ნეგატიური დამოკიდებულება, თუმცა მსგავსი ნაბიჯების გადადგმა თუ დაიწყო, მხოლოდ მადლობა და პოზიტივი ეთქმით.