საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, როგორც კი არჩევნების თარიღი დაინიშნება, საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის კონგრესმენ ადამ კინზინგერს არჩევნებზე მოიწვევს.

ზალკალიანის თქმით, 8 მარტის შეთანხმება ყველასთვის მნიშვნელოვანია და კინზინგერის პოზიციებს იზიარებს.

"მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შედგა, საქართველოს ხელისუფლება არის მზად იმისთვის, რომ შეთანხმება განხორციელდეს. ეს პოზიცია ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის. აუცილებელია, რომ ახლა ყველა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. არჩევნები ჩატარდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს პრინციპებთან და ამ თვალსაზრისით მზად ვიქნებით არა მარტო ბატონი კინზინგერი, არამედ სენატორები, კონგრესმენები, როგორც კი გამოცხადდება არჩევნების თარიღი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და პარტნიორს გავუგზავნით ოფიციალურ მოწვევას, როგორც დამკვირვებლებს. იცით თქვენ, რომ ეუთო/ოდირი განახორციელებს სადამკვირვებლო პროცესს და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება მაქსიმალურად ჩართული", — განაცხადა ზალკალიანმა.

ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს. როგორც მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, აშშ არაფერს არ ითხოვს და უბრალოდ ხელს უწყობს, რომ შეთანხმება შედგეს.

"არ დავიწყებ იმის განხილვას, რა გაკეთდა და რა — არა. დემოკრატია რთულია, თუმცა ჩანს, რომ მხარეები რეალური პროგრესისკენ მიდიან, ეს უნდა დავამთავროთ და წინ წავიდეთ, უფრო დიდი საკითხები გვაქვს გადასწყვეტი, როგორიცაა კორონავირუსის შემდგომი განვითარება და მომავალი არჩევნები", — აღნიშნა კინზინგერმა.

კითხვაზე რას ფიქრობდა ის გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით, კონგრესმენი ამბობს, რომ ის არ აპირებს მხარეებს რამისკენ უბიძგოს:

"შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა, მნიშნველოვანია, რომ ის სრულად შესრულდეს. ჩანს, რომ ყველა მხარე დგამს ნაბიჯებს რეალური პროგრესისკენ, უნდა გავაგრძელოთ წინსვლა იმაზე, რაც არის და არ არის შესრულებული. საბოლოო ჯამში მოდით, შევასრულოთ შეთანხმება, წავიდეთ წინ და საკითხი საარჩევნო ყუთთან გადავჭრათ".

ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან. მათი გათავისუფლების გარეშე ისინი უარს აცხადებდნენ, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირათ.