ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისივე თქმით, დოლიძე ნატოში საქართველოს ელჩს, ალექსანდრე მაისურაძეს ჩაანაცვლებს.

თავად ალექსანდრე მაისურაძე კი ვიქტორ დოლიძეს ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ვიქტორ დოლიძის ადგილს დაიკავებს.

ასევე, ზალკალიანის ინფორმაციით, სამინისტროს ახალი სპიკერის ფუნქციას მარიამ ნარჩემაშვილი შეასრულებს, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

" ასევე, ახალი ელჩებიც გვეყოლება. ნატოში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავის საქმიანობა მას შეუსრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა, რომელიც არის 4 წელი და პლუს 1, ანუ 5 წლის ვადა დაასრულა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი გამოცდილება მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად, ხოლო მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ნატოში საქართველოს წარმომადგენელი", — განაცხადა ზალკალიანმა.

ვიქტორ დოლიძე 2016-2018 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო. 2012 წელს ის საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. სხვადასხვა დროს ეკავა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, ავსტრიასა და საბერძნეთის რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციები.

2005-2009 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ვიქტორ დოლიძეს 2007 წელს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭა. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორად.