საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ტყის კოდექსით ეკლესიას არაფერი ახალი არ გადაეცემა და ამ თემის კრიტიკა არის "ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მიმართულება"

"ეკლესია ფლობს გარკვეულ მიწებს. აქ არის სამართლებრივ სისტემაში ახალი კანონის მოყვანა, რაც ფაქტობრივად არსებობს. ეკლესიისთვის არავის შეუმჩნევია, რომ მიწები და ტყეები გადაეცეს გასანადგურებლად და გასავერანებლად. [...] ტყის კოდექსი არის მასშტაბური კანონპროექტი, რომელიც ჯერჯერობით დაურეგულირებელ სფეროს განვითარების გზაზე დააყენებს. გარემოს საკითხები მეორე და მესამეხარისხოვანი იყო ყოველთვის. თუ რაიმე წინააღმდეგობა არსებობს ამასთან დაკავშირებით, შეიძლება კონკრეტულ თემებზე იმსჯელონ სპეციალისტებმა", — თქვა ვოლსკიმ.

დღეს საქართველოს პარლამენტი ტყის კოდექსს მესამე მოსმენით განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

ტყის კოდექსის შესახებ არაერთი განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ისინი ცვლილებების ამ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგებიან. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, ასევე, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს.

TDI აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი წინაასარჩევნო პერიოდებში იზრდება. მათივე შეფასებით, ეს ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით ცვლილებები ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს და მათივე განცხადებით, იგი სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას ქმნის.

EMC-შიც ვარაუდობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემის ამ ინიციატივას, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კონტექსტში საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვების ინტერესი აქვს.