ერთიანი ნაცონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ფრაქცია დღეს დაესწრება პარლამენტის სხდომას, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ.

გოცირიძის თქმით, "როგორც არ შეიძლება ბავშვს ასანთი დააჭერინო, ასე არ შეიძლება, მეთვალყურეობის გარეშე მათი [უმრავლესობის] დატოვება".

გოცირიძემ აღნიშნა, რომ კანონის შესწორებული ვერსია, რომლის მიხედვითაც მისი მოქმედების ვადა დროებითია, "გაცილებით უკეთესია", თუმცა მხარს არ დაუჭერენ და გაასაჩივრებენ:

"ეს კანონი არადემოკრატიულია, ვერ მოიხსნა საკითხი მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, ის ისევ არაკონსტიტუციურია. იგი მაინც გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში. გუშინწინ მთელი დღე ამტკიცებედნენ, რომ იგი საუკეთესო კანონია, დღეს კი სხვა რამეს ვიღებთ. ხელისუფლება მუდმივად თავის მართლების რეჟიმშია. მოვა პრემიერი აქ და ვაჩვენებთ იმ სურათს, რაშიც ჩააგდო მან ეს ქვეყანა... მოშალეს ეკონომიკა და დღეს აქეთ გვედავებიან", — თქვა გოცირიძემ.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ გუშინ მნიშვნელოვნად შეიცვალა კანონპროექტი სახალხო დამცველისა და პოლიტიკური ოპოზიციის ზეწოლით:

"იგი იმოქმედებს ერთი თვის ვადით, რაც უკვე კარგია. ასევე, კარგია რომ ბევრი მახინჯი ნორმა ჩასწორდება. ესეც მიღწევაა გუშინდელი ბრძოლის", — ამბობს ის.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. ინიციატივას პროტესტი მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში. ისინი კანონპროექტში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ. ხმაურიანი განხილვების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა კანონი იყოს დროებითი. ინიციატივას ამ დათქმით მეორე და მესამე მოსმენით პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან.