ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტთან უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე კონსულტაციები რომ გამართულიყო, თვითონაც იქნებოდა ჩართული. ამის შესახებ კობახიძემ გადაცემა 360 გრადუსში ისაუბრა.

როგორც კობახიძე ამბობს, მის გარეშე კონსულტაციების ჩატარებას ის გამორიცხავს:

"ასე ჩვენთან გადანაწილებული, ასეა განსაზღვრული კონსულტაციების გავლის წესი, თუ ასეთ პრინციპულ საკითხებზე იმართება კონსულტაციები იქ მე და არამარტო მე [ვიქნებით]".

კობახიძის თქმით, შეწყალების შესახებ მან პარტიის ოფისში გაიგო, როცა შეხვედრაზე კახა კალაძესთან და მამუკა მდინარაძესთან ერთად იმყოფებოდა.

"პრეზიდენტი იღებს თავის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ჩვენი ფუნქცია არის ამაზე პოლიტიკური რეაგირება და პოლიტიკური რეაგირების გამოხატულება იყო ჩვენ მიერ ჩატარებული ბრიფინგი", — აღნიშნა კობახიძემ.

პრეზიდენტმა 19 მაისს ინტერვიუში აღნიშნა, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერს წინასწარ შეატყობინა.

ქართული ოცნების ლიდერები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ მათ პრეზიდენტის გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში, ტელევიზორის საშუალებით გაიგეს და ეს ყველაფერი მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

კახა კალაძემ გადაწყვეტილებას "გულდასაწყვეტი" და "არაპოპულარული" უწოდეს. დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრინციპულად არ ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის, რომ ორი პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. მან აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.