ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების პირველი საპარლამენტო მოსმენა შესაძლებელია 21 ივნისს გაიმართოს, ხოლო 29 ივნისს პროექტის მიღება დასრულდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენი მხრიდან კანონპროექტს ექნება სრული მხარდაჭერა, მოვუწოდებთ ამისკენ ოპოზიციასაც. იმედი გვაქვს, ოპოზიცია იმოქმედებს იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ აიღეს 8 მარტის შეთანხმებით", — აღნიშნავს კობახიძე.

დღეს, 21 მაისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

საკითხი დაჩქარებული წესით განიხილება. პირველი მოსმენა დღეს იყო, ხოლო მეორე და მესამე მოსმენა, შესაბამისად, საბოლოო კენჭისყრა ხვალ არის დაგეგმილი.

პლენარულ სხდომაზე განხილვის დასასრულს, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ეს შეზღუდვები იყოს დროებითი. კერძოდ, მისი განმარტებით, ეს ნორმები გარდამავალ დებულებებში გაიწერება და იქნება დროებითი, "პირობითად, 15 ივლისამდე".

"15 ივლისამდე იმედია, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული ვითარება პანდემიის კუთხითაც. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ უკვე ეს გარდამავალი დებულებები, ბუნებრივია, დაკარგავს თავის აქტუალობას", — თქვა მან.

კობახიძემ პარლამენტს შესთავაზა ეს იდეა დღესვე განიხილონ და აღნიშნა, რომ იდეა "სპონტანურია".

რამდენიმე წუთში კობახიძემ დააზუსტა, რომ იგულისხმება ივლისის რომელიმე რიცხვი და ამაზე მსჯელობაა საჭირო. კანონპროექტზე კენჭისყრა სწორედ ამ დათქმით გაიმართა.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. კანონპროექტის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა. მას ორი კანონის შეცვლა სურს — კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

ნახეთ ვრცლად: მიმოსვლის, თავშეყრის, საკუთრების შეზღუდვა — რა შეეძლება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე