საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრი, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტს მიღებით ქვეყანაში სამართლებრივი დიქტატურა დამყარდება. მისი თქმით, არ შეიძლება მმართველი გუნდი კორონავირუსს ამოეფაროს.

"ვინც ამ გადაწყვეტილებას ხმას აძლევს, მას კარგად უნდა ესმოდეს ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური ფასი. ვინც მწვანეს მიაჭერთ ხელს და გამოგვიცხადებთ, რომ სამართლებრივ დიქტატურაში უნდა გვაცხოვროთ და ამოიფარებთ კორონავირუსს, კორონავირუსთან ბრძოლაში თქვენს გვერდით ვარ, მაგრამ თუ თქვენ კორონავირუსთან მეგობრობას აპირებთ, ღმერთმა მაგაზე უკეთესი მეგობარი არ გიშოვოთ", —განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძის თქმით, ყველამ, ვინც ამ კანონპროექტზე ხმის მიცემას აპირებს, მორალური პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს.

"არანაირი ავადმყოფობით და არანაირი ეპიდემიით არ შეიძლება ამოიფაროთ და ასეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოთ. ყველას უნდა ესმოდეს ამის პოლიტიკური და სამართლებრივი არსი. არ გესმით? ცოტა უფრო მეტად დაიძაბეთ და გაამოძრავეთ თქვენი ნაცრისფერი უჯრედები გონებაში", — განაცხადა ფოფხაძემ.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. კანონპროექტის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა. მას ორი კანონის შეცვლა სურს — კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის პირველი მოსმენა დღევანდელ პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი, ხოლო სავარაუდოდ ხვალ, 22 მაისს, მეორე და მესამე მოსმენა იქნება, შემდეგ კი საბოლოო კენჭისყრა.